"ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა"
21/07/2022 16:29:11 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩისთვის კარლ ჰარცელისთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.
„ვერ გეტყვით, რას გულისხმობს [აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი] კრიტიკაში. როგორც ვიცი, შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. ადამიანებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება. მთავარია, ეს ყველაფერი იყოს ზრდილობის ფარგლებში. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ადამიანზე აქვს თავისი მოსაზრების გამოხატვის შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მანამდე, საქართველოში აშშ–ის ელჩი შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმურა და შემდეგი განაცხადა:
"შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის".
20 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში".
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 30 მაისს კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო იმ ისტორიული მომენტისთვის“, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირს შეკითხვები გაუჩნდა მრავალ საკითხზე: არჩევნებზე; 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე; უმცირესობების უფლებებზე; ჟურნალისტების დაცულობაზე; მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდასა და კანონის უზენაესობაზე; ადამიანის უფლებებზე, მათ შორის - პირადი ცხოვრების უფლების შემლახველ ფარული ჩაწერების პრაქტიკაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ „შეანელა რეფორმების ტემპი“ და აქვს პრობლემები, რომელიც „პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს“ და რომელთა დაკავშირებითაც იყო „ევროკავშირის საჯარო რეაქციები“.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.


