"დეგნანი კითხვებზე პასუხის გაუცემლობით ეჭვებს აღრმავებს"
21/07/2022 17:20:56 პოლიტიკა
"არგუმენტირებული შეკითხვა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა", - ასე ეხმიანება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებას.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „როდესაც მარტივი შეკითხვა ისმის, ელჩს შეუძლია მარტივი პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა, თუმცა, ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს".
“რაც შეეხება ნედ პრაისის გუშინდელ პრესკონფერენციას, ამასთან დაკავშირებით შეიძლება, ითქვას ერთი რამ - თქვენ ვერ გამახსენებთ ვერცერთ თავდასხმას, რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი, რაც იყო - დაისვა გარკვეული კითხვები ჩვენი მხრიდან ორ თემაზე - პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან. როდესაც ერთ-ერთი მოსამართლე ბრალს დებს ამერიკის საელჩოს თანამშრომელს ელჩის სახელით ზეწოლაზე, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე დაისვას კითხვები და ვერავითარ შემთხვევაში ეს ვერ შეფასდება, როგორც თავდასხმა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, პარლამენტარ მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა კითხვები. ერთია ის, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ჩვენ ამ საჯარო დისკუსიაში, მაგრამ როდესაც ეს საკითხები ხდება საჯარო დისკუსიის ნაწილი - მაგალითად, რამდენად ემიჯნება თუ არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას და ა.შ. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება. როდესაც მარტივ შეკითხვა ისმის და ელჩს შეუძლია მარტივი პასუხი გაცემა და ამით წერტილის დასმა, თუმცა ასე არ კეთდება, სამწუხაროდ, ეს ეჭვებს აღრმავებს. როდესაც ელჩი პასუხებს არ სცემს, საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად უღრმავდება ეჭვები და ეს კიდევ უფრო საშიშია.
იგივე ეხება შეკითხვას ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით. როდესაც კითხვა დაისმება იმაზე, შეხვდა თუ არა ელჩი ომის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს, აქაც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის პასუხის მოსმენა, თუმცა, ეს დღეს ვერ მოვისმინეთ. ჩვენ ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც, მაგალითად უცხოელი პოლიტიკოსების უსამართლო კრიტიკა უნდა შეფასდეს კრიტიკად და ჩვენი არგუმენტირებული შეკითხვები კი, ფასდება როგორც თავდასხმა, რაც არ არის სამართლიანი. არ შეიძლება, უსამართლო კრიტიკას ვუწოდოთ კრიტიკა და არ შეიძლება ამავდროულად არგუმენტირებულ შეკითხვას ვუწოდოთ თავდასხმა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის: აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა გუშინ ბრიფინგი საქართველოზე საუბრით გახსნა. მისი თქმით, "დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები აშშ- ის ელჩ კელი დეგნანზე და მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის არსებულ თანამშრომლობას".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.
მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.


