"ნაციონალური მოძრაობა" არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს
21/07/2022 18:27:19 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში ჩაერთოს.
მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს.
ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის არგუმენტებისა, ევროპარლამენტარების თხოვნა იყო, რომ ოპოზიციამ ნებისმიერი საშუალება გამოიყენოს, რათა არ მისცეს საშუალება „ქართულ ოცნებას“ , პროცესი ჩიხში შეიყვანოს და ეს გზავნილი "ნაციონალური მოძრაობისთვის" მნიშვნელოვანია.
„ჩვენ სამუშაო ჯგუფებში „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობის მწარე გამოცდილება გვაქვს. მაშინ, როდესაც სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, 8 თვეა სამუშაო ჯგუფია შექმნილი, ამ 8 თვის განმავლობაში 3 სხდომა იყო ჩატარებული და 3 სხდომაზე ვაყენებთ საკითხს, მივიღოთ, დავადგინოთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რა ფორმატით, ინიციატივებს როგორ ვაჟღერებთ... ევროპარლამენტარებისთვის ეს გასაზიარებელია. ევროპარლამენტარებისთვის „ქართული ოცნების“ თანამედროვე სახე უკვე ცნობილია. თუ ისინი ადრე შეფარვით ცდილობდნენ პროდასავლურობის წარმოჩენას, ბოლო პერიოდმა განსაკუთრებით აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად აქვს აღებული საგარეო კურსი ჩრდილოეთისკენ. ეს გასაგებია და მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა მათი თხოვნა იყო, რომ ოპოზიციას ნებისმიერი საშუალება გამოგვეყენებინა იმისათვის, რომ არ მიგვეცა საშუალება „ქართული ოცნებისთვის, რომ პროცესი რამენაირად ჩიხში შეეყვანა და ოპოზიციისკენ გაეშვირა ხელი. ჩვენთვის მათი ეს გზავნილი მნიშვნელოვანია, ეს განმსაზღვრელიც არის, ჩვენ პარტიაში დავიწყეთ ამაზე მსჯელობა და საუბარი, რომ შესაძლოა ეს ბოლო სასაუბროც კი „ქართულ ოცნებას“ აღუკვეთოთ და მათ შორის სამუშაო ჯგუფებშიც მივიღოთ მონაწილეობა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ექსპერტებთან, ვენეციის კომისიასთან და სტრასბურგის შესაბამის ინსტიტუციებთან, რომ ამ პროცესში ჩვენ სტატისტიკური მონაწილეები კი არ ვიყოთ, არამედ კონკრეტული კანონპროექტები შევთავაზოთ. იმიტომ, რომ ჩვენ არ უნდა მივცეთ „ქართულ ოცნებას“ ინტერპრეტაციის საშუალება 12 - პუნქტიანი გეგმის, რის საშიშროებასაც ვხედავთ. ამაზე უკვე მიდის პარტიაში მსჯელობა, რადგან იმდენად მკვეთრი, იმდენად ცხადი თხოვნა იყო. ევროპარლამენტარებისთვის გასაგებია ეს ფორმატი და საითკენ მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ეს ვითარება, ამიტომ იყო თხოვნა, შუამდგომლობა, რომ გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, „ქართულმა ოცნებამ“ პროცესის საბოტაჟი მოახდინოს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.


