ზურაბიშვილი – "ოცნებიდან" გასულ დეპუტატებზე: „ესენი რომ არ არიან გასული არსად, ამაში ორი აზრი არ არის"
21/07/2022 19:07:19 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დეპუტატები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე, რომლებმაც ცოტა ხნის წინ "ქართუოლი ოცნების" რიგების დატოვების თაობაზე განცხადეს, "არ არიან გასული არსად, ამაში ორი აზრი არ არის".
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვაზე, იზიარებს თუ არა ოპოზიციის ხედვას, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ზიანის მიმყენებელ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ გასული სამი დეპუტატის სახელით ახმოვანებს, სალომე ზურაბიშვილმა შემდეგი განაცხადა:
„ამაში ორი აზრი არ არის. თვითონაც ამბობენ, ჩვენ ვრჩებით, მაგრამ ეს არის ფორმა, რითაც ჩვენ უფრო თავისუფლად ვსაუბრობთო. საინტერესოა, რომ მესიჯბოქსი არის ზუსტად იგივე. რაღაც, არ გვანან დამოუკიდებელ ადამიანებს. მესიჯბოქსი, გინდაც მუნიციპალიტეტებიდან გასული და გინდაც პარლამენტიდან, ზუსტად ერთი და იგივეა – ჩვენ გვჭირდება მეტი თავისუფლება და ამით თავს იმართლებენ, რომ თვითონაც საკმაოდ უზრდელად ლაპარაკობენ. არ ვიცი, ვისი დავალებით ლაპარაკობენ, მაგრამ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გასული რომ არ არიან, ცხადია. თუ არა, მაშინ საჭირო იქნებოდა, მთავრობიდან, ან პარტიიდან ყოფილიყო მათი დაგმობა. მე რაც მახსოვს, ვინც გავიდა და „ქართული ოცნებიდან“ ერთი ნაბიჯი გადადგა, ყველა მოღალატედ მოინათლა და ახლა რა ხდება? ღირსეული ადამიანები არიანო, დადებითი შეფასებებია და არანაირი დაგმობა არ არის მათი ექსტრემალური, უფრო რადიკალური განცხადებების. მე მგონი, ყველასთვის ნათელია სურათი“.


