პრეზიდენტი – დავით ბაქრაძის ელჩად წარდგენაზე გაერო–ში: "წავიდეს სხვაგან"
21/07/2022 20:31:02 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ–ში საქართველოს ყოფილ ელჩ დავით ბაქრაძე აკრიტიკებს და განმარტავს, რატომ არ მოაწერა ხელი ბაქრაძის ელჩად წარდგენას გაერო–ში.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ერთადერთი ელჩი, რომლის წარდგენასაც ხელი არ მოაწერა დავით ბაქრაძეა, ვისი დანიშვნაც მმართველ გუნდს გაეროში სურს.
„37 ელჩი იქნა წარდგენილი, რაც მე გავხდი პრეზიდენტი. 36-ზე ხელი მოვაწერე. ერთი რჩება, 37- ე, დავით ბაქრაძე, რომლის წარდგენა მივიღე 15 ივლისს, რამდენიმე დღის წინ. [...] ადამიანს, რომელიც იყო 5 წელიწადი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის. ორივე თხოვნა საელჩოსთან მქონდა და ვერაფრით მოხერხდა. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არცერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო–ში, რომელიც ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა ვაშინგტონთან, ნიუ-იორკთან და ბრიუსელთან ერთად. წავიდეს სხვაგან. მე შევთავაზე, რომ კანადაში წასულიყო. არა, ეს არ მიიღეს, თქვეს, რომ უთუოდ უნდა წასულიყო გაერო–ში, რაზეც არ დავეთანხმე. ამ საუბრებისას მოვითხოვე მათგან არგუმენტები - რატომ ეს ადამიანი? რა გააკეთა ისეთი, რასაც თქვენ აფასებთ და მე არ ვიცი?“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტი ამბობს, ახლა რჩება ერთი, ბაქრაძის პრობლემა.
„ამაზე შეაქვთ საკონსტიტუციოში და სთხოვენ, რომ ანტიკონსტიტუციურად იყოს მიღებული ჩემი უმოქმედობა ამ შემთხვევაში. ჯერ არ არის უმოქმედობა, იმიტომ, რომ 15 ივლისის წერილი არის და ვნახოთ, როგორი მოქმედება მექნება ან უმოქმედობა", -დასძინა ზურაბიშვილმა.


