ბექა კობახიძე: „დასავლეთს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედება ჯერ არ დაუწყია, "არსენალი" კი ღარიბი არ არის“

22-07-2022 13:12:57 ინტერვიუ

აქტუალურ საკითხებზე ინტერვიუ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელთან, ისტორიკოს ბექა კობახიძესთან.

– ბატონო ბექა, საქართველოში ზოგადად დასავლეთის, მათ შორის აშშ–ის ელჩზე ორკესტრირებული შეტევის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში საჭიროდ ჩათვალეს, ღიად და ხაზგასმით ესაუბრათ ამ თემაზე. ეს მოცემულობა ურთიერთობების რა დონეზე მიანიშნებს? სად ვართ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებში?

– სადღეისოდ ვერ ვიტყვით, რომ აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ეს იურიდიულად არ გაფორმებულა, მაგრამ ფაქტობრივი მდგომარეობაა. „ქართული ოცნება“ მაქსიმალურ დისტანცირებას ცდილობს დასავლეთისგან, რაც, რა საკვირველია, მარტივი არაა: ერთ მხარეს არის დასავლეთი, რომელსაც თავისი რესურსები აქვს 30 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში დახარჯული, აქვს საკუთარი ინტერესები და აქვეა ქართველი ხალხიც – მართალია არაორგანიზებული, წინააღმდეგობის ეფემერული ფორმებით, მაგრამ ადამიანები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა პროდასავლურ ვექტორს ემხრობა.

ვფიქრობ, დასავლეთს ჯერ არ დაუწყია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მოქმედება. ეს ჯერ მხოლოდ გაფრთხილებებია, რომ შემდეგ შესაძლოა, ნაბიჯები იქნას გადადგმული. შემდეგი ნაბიჯები იქნება უკვე ქმედებაზე გადასვლა – პირდაპირ იტყვიან სათქმელს, რომ „ქართული ოცნება“ დასავლურ ვექტორს აშორებს ქვეყანას, რომ მას რუსეთისკენ მიჰყავს საქართველო, სანქციები და ა.შ... მათი არსენალი ღარიბი არ არის და ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ იაზრებენ, რა ხდება რეალურად. მაგრამ თუ ქართულმა საზოგადოებამ ხმა არ აიმაღლა, შეეგუა ამ ყველაფერს, დასავლეთი არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ საქმე კონფრონტაციამდე არ მიიყვანოს, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ „ოცნებას“ ამ მიმართულებით საქმე მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად მიჰყავს.

– ამ პროცესში მმართველი გუნდი იმედს რაზე ამყარებს? გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით არჩევანი მხოლოდ ორია, ნეიტრალური პოზიციის ფუფუნება არ გვაქვს...

– რაც არის ე.წ. ფილანდიზაციის მოდელი: ღიად არ იტყვიან, რომ საქართველოს მზე ჩრდილოეთიდან ამოდის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთიაო...

– იციან, რომ მსგავს პოზიციონირებას არ აქვს მხარდაჭერა საზოგადოებაში და ამას ყველა არჩევნების შედეგები ადასტურებს – მკვეთრად პრორუსული ძალების საარჩევნო შედეგი მაქსიმუმ 5–6%–ია...

– იმედია აქვთ, რომ ეს რუსეთისთვისაც მისაღები იქნება. ანტიდასავლურ განწყობებს შექმნიან, შეეცდებიან, რომ წავიდნენ ე.წ. სუვერენული დემოკრატიის მიმართულებით, რომელიც თავისი დუმილით და მეგობრული ნეიტრალიტეტით მხარდაჭერილი იქნება რუსეთის მხრიდან. არც რუსეთის საელჩო გაიხსნება საქართველოში, სიმბოლური აქტები არ შედგება, მაგრამ ფაქტობრივად იქნება ბრძოლა საქართველოს დასავლური პერსპექტივის წინააღმდეგ, არსებული უნიკალური შანსების არგამოყენება, გაუცხოება და გაცივება დასავლეთთან ურთიერთობებში, შავი ზღვის უსაფრთხოების ჩარჩოებიდან საქართველოს ამოღება და ა.შ.

– მსგავსი პერსპექტივა ძალიან სევდიანად გამოიყურება იმ ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება თუნდაც ბოლო დღეების განმავლობაში – სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის გარეშე, პირისპირ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან თბილისში. არ ვიცით, ეს ტენდენციის სახეს მიიღებს თუ არა, მაგრამ როგორც ფაქტი, მნიშვნელოვანი იყო. ვხედავთ აზერბაიჯანის რესურსებით ევროკავშირის დაინტერესებას...

– სომხეთი და აზერბაიჯანი ალტერნატიული სცენარისთვის ემზადებიან, რადგან ყველაფერი ომის შედეგებზეა დამოკიდებული. დღეს ვერავინ იტყვის, ზუსტად როგორი შედეგი ექნება ომს და შეძლებს თუ არა რუსეთი ყარაბაღში დარჩენას. მე არ ვსაუბრობ ამჟამინდელ გარემოებებზე, მხედველობაში მაქვს მომდევნო წლები, განსაკუთრებით, 2025 წელი, როდესაც მანდატი ეწურებათ რუს სამშვიდობოებს. რა საკვირველია, ალიევი ფიქრობს, რომ თუ რუსეთი სათანადოდ დასუსტდება, რუს სამშვიდობოებს მანდატს აღარ გაუგრძელებს და ყარაბაღის თემას ბოლომდე დახურავს მისი სრული დაკავებით. ამ შესაძლო პოტენციურ სცენარს ხედავენ სომხეთშიც და შიშობენ ამის გამო. ფაშინიანს არ სურს, მოუმზადებლად შეხვდეს მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებას და რომ ეს ყველაფერი ეთნოწმენდით არ დასრულდეს, რაც ძალიან მძიმე ჰუმანიტარული და პოლიტიკური ფასი იქნება როგორც სომხეთისთვის და ყარაბაღში მცხოვრები ადამიანებისთვის, ისე პირადად ფაშინიანისთვის. მსგავს სცენარში განიხილება დასავლეთის – ევროკავშირის, ამერიკელების შემოყვანა პროცესში, რომ იქცნენ მედიატორებად, რათა სომხები შემდგომ ეთნოწმენდას გადაურჩნენ და აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღზე სრული კონტროლის დამყარების შემთხვევაში, სომხებმა მიიღონ ავტონომიის რაღაც ფორმა; შეიქმნას სადამკვირვებლო მექანიზმი, რომელიც სომხების უფლებებს დააკვირდება ყარაბაღში – ამ შესაძლო სცენარებისთვის ემზადებიან ისინი. ამასთან, ის ფაქტი, რომ ალიევი ევროპისთვის გაზის მიწოდებას ზრდის, ზრდის აზერბაიჯანის როლსაც დასავლეთთან ურთიერთობებში. შესაბამისად, მსგავსი გაზრდილი როლით, ალიევს ქმედების მეტი თავისუფლება ექმნება დასავლეთთან მიმართებით, ვიდრე ჰქონდა: თუ ევროპა გაურბის რუსეთისადმი დამოკიდებულებას, გარკვეულწილად დამოკიდებული ხდება აზერბაიჯანზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან აზერბაიჯანს გარკვეულწილად თვალი უნდა დაუხუჭოს სომხეთთან ურთიერთობებში შესაძლო აგრესიულ ქმედებებზე. ამიტომ, სომხების და აზერბაიჯანელების ქმედებები მთლიანად მიმართულია იმ შესაძლო სცენარისთვის მომზადებაზე, როცა რუსეთი ვეღარ ხდება კავკასიაში მედიატორი. დღევანდელი სცენარით რუსეთი მთავარი მედიატორია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მხარეები ასევე ემზადებიან ალტერნატიული სცენარისთვის და ამიტომაა, რომ რუსეთის გარეშე იმართება შეხვედრები ბრიუსელში, თბილისში და სხვაგან.

– და ჩვენ სად ვართ? ანუ, მეზობლები ემზადებიან ალტერნატიული სცენარისთვის, როდესაც კრემლის გავლენა ნაკლები იქნება კავკასიაზე და ჩვენ რუსეთის ფაქტორით დასავლეთს ვევაჭრებით?

– „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოსავალი ხელისუფლების შენარჩუნებაა. მეორე – თუ აზერბაიჯანს და სომხეთს აქვთ ფუფუნება, იფიქრონ, რა იქნება 2023 წელს, საქართველოს შემთხვევაში (განსხვავებით სომხეთისგან, აზერბაიჯანის ან მოლდოვისგან), საფრთხეები მყისიერია: ცხინვალის რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების და ფორმალური ანექსიის სცენარი; შესაძლო აგრესიის სცენარი, რომლისთვისაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არანაირად არაა მზად – მათ ქვეყნის არც თავდაცვისუნარიანობა გაუძლიერებიათ და არც რეგიონული უსაფრთხოების კავშირები და პაკეტები შეუკრავთ. მათი ერთადერთი პოლიტიკაა, რუსეთს იმდენი დავუთმოთ, რომ მას აღარ დარჩეს საქართველოში ინტერვენციის განხორციელების სურვილი. ეს სრული სიბრიყვე, მაგრამ რეალობაა!

– ამ კონტექსტში შესაძლოა, რაციონალურ გადაწყვეტილებად შეაფასონ ნატო–ში ინტეგრაციის დაპაუზება პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე ვერ გავხდებით ალიანსის წევრები.

– რაციონალურია პოლიტიკა, როდესაც აქედან რაღაცას იგებ, ჩვენ კი გვაქვს რეალობა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებამ ძალიან შეგნებულად იხმარა ყველა ღონე, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. როდესაც ნატო–ში ინტეგრაციაზე პრემიერ–მინისტრმა თქვა, რომ ვერ მიგვიღებენ ალიანსში, ვიდრე ტერიტორიული პრობლემები გვაქვსო, ამით ფორმალურად ვეტოს უფლება მიანიჭა რუსეთს. ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლებამ არათუ ნაბიჯების გადადგმა შეწყვიტა დასავლეთის მიმართულებით, არამედ დაიწყო მიზანმიმართული უკანდახევა პროდასავლური პოლიტიკისგან! გაუცხოება და გადამტერება ყველა იმ სახელმწიფოსი და ადამიანების, რომლებიც ჩვენი მთავარი ლობისტები იყვნენ! და ეს იმისთვის, რომ აამონ რუსებს, არ გაუჩინონ შემდგომი აგრესიის სურვილი. მაგრამ მე აქ ვსვამ კითხვას, სად გადის ამ კომპრომისების ზღვარი? შემდეგ ნაბიჯად რუსეთმა რომ მოითხოვოს საქართველოში მთლიანად სამოქალაქო სექტორის განადგურება, ქვეყნის ხელისუფლებაში იგორ გიორგაძის მსგავსი პერსონების დანიშვნა... ანუ მოთხოვნები გაგრძელდეს სრული დესუვერენიზაციის მიმართულებით, ბოლომდე ვუთმობთ და ვკარგავთ სუვერენიტეტს? ჩვენ ეს გავლილი გვაქვს, პრაქტიკაში გვინახავს: 1993–1995 წლებში, აფხაზეთის ომის შემდეგ შევარდნაძეს დაანიშვნინეს გიორგაძე, ხაჩიშვილი, ნადიბაიძე; ქვეყანა შეაყვანინეს დსთ–ში, მაგრამ 1995 წელს მას მაინც მოუწყვეს ტერაქტი. ანუ ეს რუსეთთან ურთიერთობის სწორი ენა არაა! როდესაც მას რაღაცას უთმობ, ის არ კმაყოფილდება! შენ აძლევ ნეკა თითს, ის გაჭამს მტევანს. უთმობ მტევანს, გაჭამს მთლიან ხელს.

– მაშ გრძელვადიან პერსპექტივაში „ოცნება“ იმედს რაზე შეიძლება ამყარებდეს, როდესაც მსგავს კონფრონტაციაში შედის მთავარ პარტნიორებთან, რომლებიც გეხმარებიან გადარჩენაში, გაძლევს განვითარების შესაძლებლობას, მეორეს მხრივ კი გყავს მეზობელი, რომელიც თავადვე გყავს დანახული როგორც ეგზისტენციალური გამოწვევა...

– იმპროვიზირებენ, თუ რა იქნება დღეს და ხვალ. უკრაინის ომი აქვთ ისე გადასაგორებელი, რომ აგრესიული რუსეთის პირობებში გადაირჩინონ საკუთარი ხელისუფლება. ხოლო, ხვალ, როგორც იტყვიან, ხვალისამ იკითხოსო. თუ რუსეთი დამარცხდება ამ ომში, იმპერია სერიოზულად მოირყევა ისე, რომ მას აგრესიის საშუალება არ ექნება, შემდეგ ესენი გახდებიან ყველაზე დიდი პროდასავლელები.

– მაგრამ დრო ხომ ჩვენზე არ მუშაობს? დაახლოებით იგივე პროცესები იყო 90–იან წლებში, როდესაც ჩვენ სამოქალაქო ომში ჩავერთეთ, ბალტიის ქვეყნებმა კი ისარგებლეს მომენტით და უზრუნველყვეს თავიანთი უსაფრთხოება, აღმოჩნდნენ ძლიერი ალიანსების წევრები. ამჟამადაც იხსნება რიგი შესაძლებლობები, მაგრამ რამდენი ხნით?!

– გეთანხმებით. „ქართულ ოცნებას“ დღეს სურს საკუთარი ხელისუფლების გადარჩენა და არ მომზადებულან არანაირი ალტერნატიული სცენარისთვის. ფიქრობენ, რომ დღეს რუსეთი ასეთია [აგრესიული – რედ.], დასავლეთი კი არ დაგვიპყრობს, არ დაგვბომბავს, უბრალოდ ჩვენზე ხელს ჩაიქნევს, ქვეყანა დეგრადაციისკენ წავა, მაგრამ ისინი ხელისუფლებას შეინარჩუნებენ. სწორედ ამ მიმართულებით მიდიან. ეს არის მათთვის ამოსავალი წერტილი. რუსეთი თუ მართლა ჩამოიშალა ამ ომის შედეგად, მას საქართველოს ხელისუფლებაც მიჰყვება და ჩამოშლილი რუსეთის პირობები ევროინტეგრაცია, რა თქმა უნდა, გაცილებით ადვილი გახდება. პირადად ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ ჩვენ ეს შანსი არ გვექნება. პირიქით, შანსები გამოჩნდება შემდეგ, თუ რუსეთი დამარცხდება.

– საქმე იმაშია, როგორ დამარცხდება რუსეთი...

– დიახ, ამაშია საქმე: ეს იქნება სტატუს კვოს შენარჩუნება მხოლოდ უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის კონტექსტში, თუ რუსეთის მარცხი გავლენას მოახდენს კავკასიაზეც. ეს ყველაფერი დღეს მხოლოდ გამოცანების სფეროა და ამაზე მხოლოდ სპეკულაციაა შესაძლებელი, მაგრამ ამათ კონკრეტულად ეშინოდათ იმის, რომ ცხინვალში ჩატარდებოდა „რეფერენდუმი“. ეს რეალურად არაფერს ცვლიდა, ცხინვალი ანექსირებულია. უბრალოს ეს ქვეყნის შიგნით იქნებოდა ხელისუფლებაზე დარტყმა: ისინი 10 წელია, საზოგადოებას ამადლიან, „ჩვენს პირობებში არაფერი მომხდარა, გაწონასწორებული ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან და ეს მუშაობსო“, ამ პირობებში ანექსია მათ პოლიტიკის დემონსტრაციული ფიასკო იქნებოდა და სწორედ ამ ფიასკოს აარიდეს თავი. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს კი ნამდვილად დიდად ვერაფერს ავნებდა ფორმალური ანექსია, რომელიც ისედაც გაფორმებულია – რეგიონში რუსი სამხედროები დგანან, ცხინვალი რუსულ ბიუჯეტზეა მიბმული, ადგილობრივებზე რუსული პასპორტებია გაცემული, იქ რუსები წყვეტენ ყველაფერს – ანექსია მომხდარი ფაქტია!

– ამდენად, ბევრ რამეს წყვეტს, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები.

– დიახ, ყველაფერს ეს გადაწყვეტს!

ახალი ამბები

სხვა სიახლეები