საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა ევროკომისიის 12 პუნქტზე პარალელური მუშაობა დაიწყო
25/07/2022 09:15:13 პოლიტიკა
საპარლამენტო უმცირესობის ნაწილმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე პარალელური სამუშაო პროცესი დაიწყო.
პარტიების – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად დღის განმავლობაში იმსჯელებენ საარჩევნო, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციულ საკითხებზე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის, დეპოლარიზაციის, სასამართლო რეფორმის შესახებ მუშაობას წინაპირობებით იწყებს.
„კომისიები, რომელსაც წინაპირობები აქვს, რომ: დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს, დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა; საკონსტიტუციო ცვლილებებზე თურმე არ ვრცელდება 12 პუნქტი, კლანი სასამართლოში არ არისო და კანონს, რომელსაც დავწერთ მართლმსაჯულებაზე, არ შეეხება კლანსო. მე გეკითხებით, რანაირად უნდა შევიდეთ პროცესში, როცა წინაპირობებს მიყენებენ და ვიცით, რომ 4 ფუნდამენტურ საკითხში აპრიორი არ იქნება შესრულებული ევროკავშირის მოთხოვნა“, –განაცხადა ვაშაძემ.
ენმ-ის წევრის გიორგი ბოტკოველის თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ნებისმიერი ინიციატივით გამოდის, კოორდინირებულად იმუშავებს:
"ნებისმიერი ჯგუფი, რომელიც შეიკრიბება დღეს ოპოზიციურ ფორმატში, არავის ხელმძღვანელობით არ შეიკრიბება. ეს იქნება კოორდინირებული ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, თუ დამატებით და ერთობლივად რა გააკეთოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ ჩვენ მეტად წავიწიოთ წინ იმ პროცესში, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას".
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, რომელიც პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრება, აცხადებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნაა, 12 პუნქტზე ყველა ჯგუფმა ერთად იმუშაოს.
„ნდობა ხელისუფლების მიმართებით იმის ფონზე, რაც ჩვენ გვინახავს ძველ პროცესებზე, რა თქმა უნდა, დაბალია და ამას ღიადაც ვაფიქსირებდით ჩვენ, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ვიღაცას ნდობა არ ჰქონდეს, მნიშვნელოვანია, ის, რომ ევროკავშირი გვთხოვს, რომ ერთად ვიმუშავოთ. აქ ვინმეს ნდობა-არ ნდობაზე არ არის საუბარი. წლის ბოლომდე გვაქვს შესასრულებელი გეგმა და ეს თუ არ შევასრულეთ, შესაძლოა, ქვეყანამ ისტორიული შანსი დაკარგოს, აქ მნიშვნელოვანია ერთად მუშაობა და ხელისუფლებას თუ რაღაცის გაკეთება არ სურს და ნდობა დაბალია, მით უმეტეს მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ვიყოთ და ხელისუფლებას შევახსენოთ, რა არის გასაკეთებელი“, – აცხადებს სიმონიშვილი.
ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას არ იღებენ „ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“, „გირჩი“ და „ევროპელი სოციალისტები“.
ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებისთვის „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობა უკვე დაიწყო. ოპოზიციის გეგმის მსგავსად, ხელისუფლებაც სამუშაო ჯგუფების ფორმატში კანონპროექტებს შეიმუშავებს, რომელთა განხილვაც საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნების“ გეგმა დროის გაჭიანურების მცდელობაა და საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვადასხვა ინიციატივასა და კანონპროექტზე მუშაობა. ამისთვის მათ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით მიმართეს. თუმცა უმრავლესობა სესია ჩაშალა.


