"რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? შენ მაგინო და მე გიყურო რა ლამაზად მაგინებ?"
26/07/2022 10:25:55 პოლიტიკა
"მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად?", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.
„მე ვგმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არის გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ეს ძალიან საწყენია და ცუდია. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება, არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ყველაფერზე წინ დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ჟურნალისტი ხარ და შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პოლიტიკოსი მოგწონს, თუ არა, არ არის მისაღები. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ურთიერთპატივისცემა იყოს. იქნება ეს პატივისცემა, მერწმუნეთ, დამიჯერეთ, ჩვენგანაც ათასჯერ მეტი პატივისცემა იქნება, სიყვარულიც. ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს. მესმის, რომ შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შეურაცხყოფა მიაყენო. არ შეიძლება. დეტალებში არ შევალ, ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი. დღეიდან ყველაფერი გავაკეთოთ, რომ უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა იყოს. ყველას შესაბამისი პასუხი მიეგება. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ არ არის სწორი. არც ის არის სწორი, რომ მიზანმიმართულად ნერგავთ იმას, რომ თმენის ვალდებულება. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინო და მე ჩუმად ვიყო, გიყურო რა ლამაზად მაგინებ და რა კარგად? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება“, - განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.
25 ივლისს ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის" ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა:
„ქალის სახე დაკარგე. პირი მოიწმინდე, სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე მართლა ყველაფრით შენს ბელადს... შენ ხარ არახამია, როგორც ის არ არის კაცი, ისე შენ არ ხარ ქალი, ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე“.
კობახიძე გააკრიტიკეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და "ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ".
„დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება“, - განაცხადა ქარტიამ.
პასუხად, კობახიძე "პავლიკა მოროზოვს" უწოდებს ყველას, ვინც ჟურნალისტის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა.


