26-07-2022 17:05:43 კავკასია ,ანალიზი
ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის აღდგენის მომხრეებმა ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს რამზან კადიროვს „ჯიჰადი [წმინდა ომი] გამოუცხადეს და ადგილობრივ მოსახლეობას იატაკქვეშა მძლავრი მოძრაობის აღდგენას დაჰპირდნენ. რამდენად სერიოზულად უნდა იქნას აღქმული ეს განცხადება და რა შედეგებს უნდა ველოდოთ თვალსაწიერ მომავალში, „აქცენტი“ ამ საკითხებზე ექსპერტებს ესაუბრა.
რა მოხდა
ინტერნეტში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ორი ნიღბიანი პირი წვავს ჩეჩნეთის დროშას და აცხადებენ, რომ „ჯიჰადის“ გამოცხადების მომენტიდან რესპუბლიკაში დაიწყება მოძრაობა, ხოლო პროცესის მომხრეები, მათ შორის, ჩეჩნეთის მეთაურის შიდა წრეშიც არიან.
ერთი დღით ადრე რესპუბლიკის მოსახლეობაში იატაკქვეშა მოძრაობის სამზადისის დაწყების შესახებ იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის ასლან მასხადოვის ვაჟმა – ანზორ მასხადოვმა და უკრაინის მხარეს მებრძოლი შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის სპიკერმა ისლამ ბელოკიევმა განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომზადების მიზანი "იჩქერიის დეოკუპაცია და დამოუკიდებლობაა".
მანამდე ისლამ ბელოკიევმა, იუთუბ არხის "ისლამის აზრების" ავტორმა და უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედი შეიხ მანსურის ბატალიონის სპიკერმა აჩვენა რუკა, რომელზეც ჩეჩნეთი დაყოფილია სამ ფრონტად (ჩრდილოეთი, ცენტრალური, სამხრეთი) და 16 სექტორად. ბელოკიევის თქმით, სამოქალაქო მოსახლეობასთან მუშაობა დაიწყო თითოეულ ამ სექტორში ჩეჩნეთის უსაფრთხოების ძალების, მათი განლაგებისა და იარაღის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ეს ცნობა სააგენტო "ბელსატის" არხის ეთერში იჩქერიის ყოფილი პრეზიდენტის შვილმა ანზორ მასხადოვმა დაადასტურა.
"ომში არის თავის საიდუმლოებები, მათი გაცემა არ შეიძლება. იმაზე მეტს, რაც ბელოკიევმა თქვა, ვერ ვიტყვი, უფლება არ მაქვს. დიახ, ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაცია და კონსულტაციები გვაქვს და ვიცით, რომ მოსახლეობასთან მძლავრი სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა მასხადოვმა.
ინფორმაცია დაადასტურა ჩეჩნური ბატალიონის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ბოგდან ჩეჩენსკიმაც.
მისი თქმით, იჩქერიის მხარდამჭერები მუშაობენ არა მხოლოდ ჩეჩნეთში, არამედ ევროპაში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებთანაც:
"რუსეთის მიერ ოკუპირებული იჩქერიის დეოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, რამდენიმე ეტაპის გავლას ვაპირებთ. შევჩერდები პირველ სამ ფუნდამენტურ ეტაპზე: უკრაინის გამარჯვება; ჩეჩენი ხალხის მომზადება მოსალოდნელი ცვლილებებისთვის; თანამედროვე ომის მეთოდებისთვის კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი ჩეჩნეთის განმათავისუფლებელი არმიის შექმნა".
მან ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის მომზადება უკვე დასრულებულია, ხოლო განმათავისუფლებელი არმიის ფორმირება დასასრულს უახლოვდება. იჩქერიის მომხრეების კონკრეტული გეგმების შესახებ ცნობილი არ არის, მაგრამ ბოგდან ჩეჩენსკი უარყოფს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რაიმე საომარი მოქმედებების დაწყების შესაძლებლობას.
„ჩეჩნებმა რეჟიმის პირობებში ცხოვრება ისწავლეს, რათა ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს შეგუებას!“
ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ კადიროვის წინააღმდეგ „ჯიჰადის“ შესახებ გამოცხადება უფრო განზრახვის დეკლარირებად შეიძლება, ჩაითვალოს, ვიდრე რეალურ გეგმად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იატაკქვეშა მოძრაობა ჩეჩნეთში არასოდეს დასრულებულა, უახლოეს თვეებში რეგიონში მეორე ფრონტის გახსნას არ უნდა ველოდოთ. ამ მოსაზრებას დაახლოებით იზიარებს კავკასიოლოგი სულხან ბორძიკაშვილი.
„ვფიქრობ, ჩეჩნეთის მესამე ომი არც იჩქერიის აღდგენის მომხრეების და არც ჩეჩნეთის მკვიდრების ინტერესებში არ შედის: ყველა თანხმდება, რომ იჩქერიის აღდგენა კიდევ ერთი დიდი ომით ეთნიკური კატასტროფა იქნება. იგივე მანსურის ბატალიონის წევრებმაც განაცხადეს, რომ მიზანი არა ომის დაწყება, ხალხის მომზადებაა მომენტისთვის – როდესაც შესაბამისი სიტუაცია მომწიფდება, ადგილობრივ დონეზე წინააღმდეგობის მოტივაცია იყოს: კეთდება პროგნოზები, რომ უკრაინის ომი რუსეთს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. კრემლის გარეშე კი კადიროვი არავინაა. შესაბამისად, ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ნიადაგის მზადება და საზოგადოებისთვის ხალხისთვის იმ იმედის მიცემა, რომელსაც ის დიდი ხანია, ელის“,– ამბობს „აქცენტთან“ ბორძიკაშვილი, თუმცა არ ლოკალურ ინციდენტებს გამორიცხავს: „კონკრეტულ ბაზებზე იყო საუბარი. იცით, რომ ჩეჩნეთის პირველი ომის დროს დიდი რაოდენობით რუსი ჯარისკაცები მოაქციეს ალყაში, რამაც თავის დროზე პროცესზე დიდი გავლენა იქონია. შესაძლოა, რაიმე მსგავსზეც ფიქრობენ“.
ბორძიკაშვილი იზიარებს პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილის მოლოდინს, რომ კადიროვი მომენტს საკუთარი ტოტალური რეჟიმის კიდევ უფრო გასამკაცრებლად გამოიყენებს, თუმცა თუმცა ამბობს იმასაც, რომ კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის სისასტიკემ მაქსიმუმს უკვე მიაწია, ჩეჩნებმა კი არსებული რეჟიმის პირობებში ცხოვრება ისწავლეს:
„განსაკუთრებით ახალგაზრდებმა არსებული აუტანელი რეჟიმის პირობებში ცხოვრება ისწავლეს, რათა ფიზიკურად გადარჩნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს შეგუებას. ცხადია, იარსებებს შიშის ფაქტორი, მაგრამ ვფიქრობ, მას სჭარბობს სურვილი, გათავისუფლდნენ! შესაბამისად, წინააღმდეგობის მოძრაობას ნამდვილად აქვს პოტენციალი და როდესაც გამოჩნდება შესაძლებლობა, ეს პოტენციალიც მძლავრად იტყვის თავის სიტყვას! უკმაყოფილებას კიდევ უფრო ზრდის ომში ჩეჩნების იძულებით გაგზავნა: პასპორტებს ართმევენ და გზავნიან, არჩევანს არ უტოვებენ. მსხვერპლიც დიდია. „ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომში გენოფონდი გაანადგურეს და ახლა კადიროვი წინა ხაზზე გზავნის ჩეჩნებსო“ – აქვთ განცდა, რომ იყენებენ“.
მისივე ცნობით, მიუხედავად კადიროვის მცდელობისა, ტოტალური კონტროლი განახორციელოს საკომუნიკაციო საშუალებებზე, დაინტერესებული ადამიანები ალტერნატიულ ინფორმაციაზე წვდომას სხვადასხვა გზებით ახერხებენ და ინარჩუნებენ კომუნიკაციას რეჟიმის მიერ დევნილებთანაც. ამას ადასტურებს კადიროვის კრიტიკოსების მიერ გამოქვეყნებული ცნობები სოციალურ ქსელებსა თუ მასმედიის საშუალებებში, რომელთაც ისინი სწორედ რომ ჩეჩნეთის მკვიდრებიდან იღებენ.
არსებობს ლიდერი?
როგორც ბორძიკაშვილი გვიზიარებს, სადღეისოდ პრობლემა საზოგადოების მაქსიმალური ნდობითა და მხარდაჭერით აღჭურვილი გამოკვეთილი ლიდერის არარსებობა და ამ თემაზე მიმდინარეობს მსჯელობები. თუმცა, მისივე ცნობით, არსებობენ ავტორიტეტული ფიგურები, მათ შორის, ევროპაში, თურქეთში, რომელთაც გამაერთიანებელ ლიდერად ქცევის პოტენციალი აქვთ. ამასთან, მისი დაკვირვებით, სადღეისოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინის მხარეს მებრძოლი ჩეჩნებიც:
„ვფიქრობ, მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინაში მოქმედი ჩეჩნური ბატალიონი. მათ შორის, მუსლიმი [შეიხ მანსურის სახელობის ჩეჩნური ბატალიონის მეთაური, ამჟამად უკრაინაში მებრძოლი მუსლიმ ჩებერლოელი] სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს და სწორედ ამიტომაც მიდიან მასთან ერთად საბრძოლველად ჩეჩნები. მათ შეძლეს, რომ მსოფლიოს ჩეჩნები სხვა თვალით დაენახათ: მანამდე ჩეჩნები ასოცირდებოდნენ კადიროვთან, განსაკუთრებით უკრაინის ომში. კრემლი მათ იყენებდა პროპაგანდის იარაღად. ამ სიტუაციაში კი უკრაინის მხარეს იბრძვიან ავტორიტეტული ფიგურები, საუბრობენ საერთაშორისო მედიასთან. ამასთან, თუ აქამდე მსოფლიოსთვის მარტივი იყო, თვალი დაეხუჭა ჩეჩნეთში რუსების მიერ ჩადენილ უბედურებაზე, ახლა გენოციდის საკითხი ჟღერს და ეს მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის პარლამენტში შესული კანონპროექტი [12 ივლისს უკრაინის პარლამენტში შევიდა დადგენილების პროექტი, რომელიც იჩქერიის დამოუკიდებლობის ცნობას ითვალისწინებს]. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო კადიროველების და ჩეჩნების ერთმანეთისგან გამიჯვნა. მნიშვნელოვანია, რომ ხშირად ჟღერს იჩქერია, გენოციდი – ეს ნიუანსები ჯამში სურათს ქმნის, რომ ჩეჩნების საკითხის აღქმის თვალსაზრისით დადებითი პროცესი დაიძრა და ეს მარტივად არ მომხდარა, სწორედ რომ მათი დამსახურების შედეგია“.
საინტერესოა, რომ მიუხედავად იჩქერიის აღდგენის მომხრეების კონკრეტული განზრახვების შესახებ ცნობების არარსებისა, როგორც ჩანს, უკვე გაჟღერებულმა განცხადებებმაც მოახდინა გავლენა კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის სიმშვიდესა და თავდაჯერებულობაზე: მისთვის გამოცხადებული ომის ფონზე კადიროვი საჰაერო თავდაცვის საჭიროებებზე ალაპარაკდა.