"ივანიშვილმა ეს სპექტაკლი მოაწყო, რომ ეთქვა, აშშ-ის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟაო"
27/07/2022 06:55:42 პოლიტიკა
"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანტაჟში დაედანაშაულებინა".
ჯაფარიძე ამბობს, რომ ივანიშვილი ასე "ვირეშმაკულად" ცდილობს ანტიდასავლური განწყობების გაძლიერებას.
"დღევანდელ წერილში ამ თავისივე დადგმულ სპეკტაკლში, თავისივე დასმულ კითხვაზე გასცა პასუხი ბოლო აბზაცში: "შეხევდრა შედგა. შედგა ელჩის ინიციატივით. გაგრძელდა 3 საათი". შანტაჟზე არაფერი წერია, მაგრამ რადგან შეხევდრის შესახებ ყაველაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა, ე.ი. შანტაჟის შესახებ ინფორმაციაც სიმართლე უნდა იყოს ანუ, მთელი ეს სპექტაკლი იმისთვის მოაწყო რომ ეთქვა - 21 მარტს ამერიკის ელჩი თავისი ინიციატივით შემხვდა და დამაშანტაჟა, დაუწყოს საქართველომ რუსეთს ომი თორემ შვეიცარიის ბანკში რომ ფული გაქვს, იმას წაგართემვთო. ეს უნდა რომ დააჯეროს თავის გამოთაყვანებულ მხარდამჭერებს. ასეთ იდიოტებად მიაჩნია ისინი. ასე ვირეშმაკულად ცდილობს ანტიამერიკული განწყობების გაძლიერებას, თან გასული ვარ ძმაო მე, არაფერში არ ვერევი, ჩემთვის ვარ აბასთუმანში სუფთა ჰაერზეო
პ.ს. ეს საერთოდ კლასიკაა: 'აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის.' ანუ, ის ფული, რომელსაც მართმევენ საქართველოს ომში არ ჩართვის გამო, ისევ თქვენზე უნდა დამეხარჯა, მეორე სამება მქონდა გეგმაში, მაგრამ არ მაძლევენ მაგის საშუალებასო. 'მეშჩანი' როგორ არის ქართულად?", - წერს ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის ამბობს, რომ კელი დეგნანს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა.


