"ოცნებაში" ივანიშვილის წერილს "მაღალ შეფასებას" აძლევენ და აშშ–ის ელჩს ექს–პრემიერთან შეხვედრის "შინაარსობრივ მხარეზე" საუბრისკენ მოუწოდებენ
27/07/2022 08:08:15 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები საქართველოს ექს–პრემიერის, მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ ის "ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს".
ამასთან, მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ აშშ–ის ელჩმა კელი დეგნანმა ექს–პრემიერთან შეხვედრის "შინაარსობრივ მხარეზე" "მკაფიო განცხადება" უნდა გააკეთოს.
"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "პოლიტიკიდან გაწეულია", თუმცა "კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად".
მისი თქმით, "იმისთვის, რომ აშშ–საქართველოს ურთიერთობები არ დაზიანდეს, ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს":
"როგორც ჩანს, დაგროვდა კრიტიკული კითხვები, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება მკაფიო პასუხები, ვფიქრობ, აშშ-ის საელჩომ და ელჩმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მკაფიო, ამომწურავი განცხადება. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი, რადგან საქმე ეხება მოსახლეობისგან ლეგიტიმურ ინტერესს. სტრატეგიული პარტნიორობა აშშ- ისთან, ევროკავშირთან შეუქცევადი პროცესია და ვერავინ და ვერანაირი ძალები ამას ხელს ვერ შეუშლიან, მაგრამ კიდევ უფრო განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს, მიმაჩნია საჭიროდ, რომ ელჩმა მკაფიო და ამომწურავი პოზიცია დააფიქსიროს. [ივანისშვილის] განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე დღის უკან ქალბატონმა ელჩმა უარყო ასეთი სახის შეხვედრა და თქვა, რომ დიდი ხანია, არ შეხვედრია ბატონ ივანიშვილს. მიმაჩნია, რომ განცხადებაში თემა არ უნდა გაშლილიყო, რადგან ივანიშვილი ამ ქვეყნის გულშემატკივარია და არის პოლიტიკიდან გაწეული, რჩება ამ ქვეყნის ერთ- ერთ მთავარ მხარდამჭერად, შესაბამისად, ვფიქრობ, ყველაზე კარგი და აუცილებელი იქნება ყველაფერ ას ნათელი მოფინოს და შინაარსობრივ მხარეზე გააკეთოს საელჩომ და თვითონ ელჩმა განცხადება".
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის წერილი "ძალიან მაღალ შეფასებას" იმსახურებს.
იგი ივანიშვილის მსგავსად აცხადებს, რომ "გარკვეულ ძალებს საქართველოში ომის გაჩაღება სურთ":
"ბიძინა ივანიშვილის წერილი ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, რადგან გამსჭვალულია პატრიოტული სულისკვეთებით, ქვეყნისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე პოზიცია არის წარმოდგენილი და დადებითად არის შესაფასებელი ის დამოკიდებულებები, რომელიც ამ საჭირბოროტო საკითხებზე არსებობს.
რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდს, რაზეც კითხვა დაისვა, არსებობს კითხვები, ბუნებრივია, გარკვეული ინტერესი კიდევ უფრო მეტად გააღვივა და შეხვედრის დადასტურებამ გარკვეული როლი ითამაშა ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით, მაგრამ სამწუხაროდ, ამ თემასა და გარკვეულ დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს. უმჯობესია, დეტალებზე საუბრისგან თავი შევიკავო. სამწუხაროდ, იგრძნობა და აშკარად შეიმჩნევა გარკვეული პოლიტიკური ძალების არსებობა ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომელთაც საქართველოში ომის გაჩაღება სურთ. ეს განპირობებულია სხვადასხვა მოტივაციით გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან. რაც შეეხება იმას, ამ შემთხვევაში ინდივიდუალურად ვის შეიძლება, ჰქონდეს ამაში მონაწილეობის სურვილი, მზადყოფნა, განწყობა, ეს პოლიტიკური ძალები ვის წარმოადგენენ და ა.შ. ამის თქმისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან კონკრეტულ პირებზე მითითება გამიჭირდება. თუმცა, მესმის, რომ ამ თემაზე საზოგადოებაში ინტერესი არსებობს. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან პირდაპირი მოწოდება საქართველოს ომში ჩართვაზე. ასევე შეგვიძლია, გავიხსენოთ ქვეყნის შიგნით ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის განცხადებები იმის თაობაზე, რომ რამენაირად წაეხალისებინათ ის მოძრაობა, რომელიც მილიტარისტულად იქნებოდა განწყობილი. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებებს სჭირდება შეწინააღმდეგება, რომ ეს არ გახდეს ტალღა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოსთვის კრიტიკულად პრობლემური და ეგზისტენციალური პრობლემების გამჩენი. მნიშვნელოვანია, ამას დროულად წინ აღვუდვეთ, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და მოისპოს ყველანაირი მცდელობა საფუძველშივე, რაც შეიძლება ითვალისწინებდეს საქართველოს პაიკის სახით აღქმას".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია ივანიშვილი.
"ეს წერილი კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელი დამოკიდებულება აქვს და როგორი პატრიოტია თავის ქვეყნის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის ძალიან გამჭვირვალედ და პირდაპირ ამბობს სიმართლეს – ეს ყოველთვის იყო მისი ხელწერა, როდესაც პოლიტიკაში გახლდათ და ახლაც, როდესაც პოლიტიკიდან გასულია, მისი ხელწერა არის იგივე. ის თავის საზოგადოებას სიმართლეს ეუბნება. დღეს, თუნდაც უბრალო და პატარა სიმართლეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საზოგადოება არის ახლა ინფორმირებული, დღეს უკეთ ერკვევა პოლიტიკაში, ხედავს, თუ რა არის მშვიდობის ფასი, ხედავს, რა არის დემოკრატიული ინსტიტუტების ფასი და ხედავს, თუ რას ნიშნავს, როდესაც კერპთაყვანისმცემლობით კი არ იმართება ქვეყანა, არამედ იმართება ისე, როგორი კონცეფციაც დაამკვიდრა „ქართულმა ოცნებამ“ ,- განაცხადა თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ივანიშვილის წერილი ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს.
მისი თქმით, "ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა და საზოგადოება თავად გამოიტანს დასკვნებს".
"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სერიოზული კითხვები გააჩინა ამ წერილმა, თუმცა სიღრმეში არ გვინდა შესვლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და დღესაც გავიმეორებთ, რომ კულისებში ხდება იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჯაროდ ხდება ხოლმე ცნობილი. არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ იმის გამო, რომ რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ შემთხვევაში, ბევრი რამ არის ნათქვამი ამ წერილით, ბევრი რამ იკითხება ამ წერილიდან. მათ შორის ქვეტექსტებიც ძალიან მკაფიოა. ჩვენ გაგვიჭირდება სიღრმეში შესვლა, ზედმეტად კომენტირება. საზოგადოება თავად წაიკითხავს და გამოიტანს დასკვნებს ამ წერილიდან. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის და გზავნილების შემცველია ბატონი ბიძინას წერილი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის რაღაცები, რაც ჩვენ კვლავაც უნდა დავტოვოთ იმ სივრცეში, რაშიც არის, საჯაროდ გაგვიჭირდება რაღაცებზე საუბარი. თუმცა, საზოგადოება დასკვნებს გამოიტანს. რეალურად, ძალიან ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს ეს წერილი. გვირჩევნია სიღრმეში არ შევიდეთ და საზოგადოებამ თავად გამოიტანოს დასკვნები იმ მკაფიო გზავნილებიდან, რომლებიც ჩამოყალიბებულია ამ წერილში", - აცხადებს, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, კობახიძე.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს წერილმა ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის, ივანიშვილსა და საქართველოში აშშ-ს ელჩ კელი დეგნანს შორის გამართული შეხვედრის შესახებ:
"ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკაში აღარ არის, ასე რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ პასუხები გაეცემა", - აღნიშნა კალაძემ.
მან ბიძინა ივანიშვილის წერილის იმ ნაწილზე გააკეთა კომენტარი, სადაც ომში ჩართვაზეა საუბარი:
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება სჭირდება. ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის - თქვენ ხომ არაერთი განცხადება მოისმინეთ, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ჩვენი მეგობარი ქვეყნის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი. პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან განვიცდით იმას, რაც უკრაინაში ხდება, ყველანაირად თანავუგრძნობთ, ჩვენი მხრიდან ყველა საერთაშორისო არენაზე ყველანაირად მხარდაჭერა აქვს, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გამოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში მშვიდობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.


