ყაველაშვილი: „ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია“
27/07/2022 10:25:35 პოლიტიკა
„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც პირველმა დაიწყო საუბარი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრაზე, აცხადებს, რომ ეს შეკითხვა იმიტომ დასვა, რომ "არსებობდა ინფორმაციები, რომ კულუარებში იყო შეხვედრები და მოთხოვნები".
„როცა მე კელი დეგნანს ეს შეკითხვა დავუსვი, აქ იყო საუბარი, ომის შემდეგ თუ იყო შეხვედრა და მოდი, სიმრთლე ვთქვათ, ქალბატონი ელჩი პირდაპირ პასუხს გაექცა. ჩვენ სწორედ ეს გვაინტერესებდა იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ, რომ იყო ინფორმაციები, რომ კულუარებში ხდებოდა რაღაც შეხვედრები და მოთხოვნები, [რა მოთხოვნები და] საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში და მეორე ფრონტის გახსნა, რა მოგივიდათ, მერამდენედ მიწევს ამის გამეორება [მიმართავს ჟურნალისტებს], სხვა რამეზე კი არ ვსაუბრობ, ჩვენ თვალწინ ხდებოდა და აღარ გამომაგორებინოთ ახლა ვინ რას იძახდა, ვინ რა მოწოდებებით გამოდიოდა, ვის რა სურდა და ა.შ. ეს ლოგიკური ჯაჭვი შეკრულია“, – აცხადებს ყაველაშვილი.
მისი თქმით, "აშშ-ის ელჩი მხარდაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ომში ჩართვის პროცესის მონაწილეები იყვნენ, ამის ვერ მიღწევის შემდეგ კი საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებას გეგმავდნენ".
"ლოგიკურ ჯაჭვს სად ვხედავთ იცი? ეს რომ ვერ განახორციელეს დაიწყო პროცესი, რომ როგორმე რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო და ამ ომის ფონზე, ამ გლობალური დაძაბულობის ფაქტზე მომხდარიყო საქართველოს ხელისუფლების ცვლილება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილი, მათ შორის აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და მმართველ პარტიაზე საუბრობს.


