პრეცედენტული საქმე: როგორ დავიბრუნოთ 112–ის საფასური

27-07-2022 15:16:57 საზოგადოება ,ეს საინტერესოა

მთავრობას 112–ის რვა წლის განმავლობაში გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება მოუწევს. მსგავს შესაძლებლობას იურისტ ლევან ალაფიშვილის პრეცედენტული საქმე იძლევა, რომელმაც დავა საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ ორ ინსტანციაში მოიგო. გადაწყვეტილების მიხედვით, მთავრობამ თანხა, რომელიც ალაფიშვილს 2012–2020 წლების განმავლობაში ანგარიშიდან მთავრობის დადგენილების საფუძველზე, მისი ნების საწინააღმდეგოდ ეჭრებოდა, უკან უნდა დააბრუნოს.

„მთავრობის სტრატეგია (მხოლოდ დღევანდელს არ ვგულისხმობ) იყო შემდეგი: ერთი შეხედვით მცირე გადასახადი დაეწესებინა, რომ ამას მოქალაქეზე მსუსხავი ეფექტი არ ჰქონოდა და არ ეზრუნა მის დაბრუნებაზე. საბოლოო ჯამში თანხას აჭრიდნენ 3 200 000 აბონენტს. მათთვის წელიწადში ჩამოჭრილი თანხა ჯამში საშუალოდ 8 მილიონი ლარი იყო“,– ამბობს იურისტი.

ის სასამართლოში დავობდა როგორც კერძო პირი, ისე კომპანიის წარმომადგენელი, რათა პრეცედენტი ორივე მიმართულებით შეექმნა.

ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქმის საწყისი საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება გახდა: სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო მთავრობის 2011 წლის 489–ე დადგენილება, რომლის მიხედვითაც ე.წ. 112–ის საფასურად ფიზიკური პირებისთვის დაწესებული გახლდათ 20 თეთრი, იურიდიული პირებისთვის – 50 თეთრი. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოქალაქეებს საფასურის გადახდა არაუფლებამოსილმა ორგანომ დაუწესა.

ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ აღსრულებადი არ არის, იურისტმა სტრატეგიული სამართალწარმოების ფარგლებში, საერთო სასამართლოების სისტემას მიმართა. მიმდინარე წლის მარტში თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა იურისტის სარჩელი და 2012–2020 წლებში გადახდილი საფასურის გადახდა დაავალა სახელმწიფოს, რასაც მთავრობა არ დაეთანხმა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა დავა ამ ინსტანციაშიც წააგო. იურისტი ელის, რომ დავა უზენაეს სასამართლოშიც გაგრძელდება, რადგან მთავრობა გასაჩივრების მექანიზმს აღსრულების გასაჭიანურებლად იყენებს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნებისმიერი იურისტისთვის გამოცნობადი უნდა ყოფილიყო, რომ თანხა დაბრუნების ვალდებულება დაექვემდებარებოდა: საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მთავრობას უფლება არ ჰქონდა, ეს გადასახადი დაეწესებინა.უბრალოდ დროს წელავს – გასაჩივრების მექანიზმს იყენებს გარდაუვალის გადასავადებლად და ცდილობს, 3 200 000 აბონენტის სარჩელის ნაცვლად მათგან ნახევრის მიიღოს, რათა არა 70 მილიონის დაბრუნება მოუწიოს ჯამში, არამედ 20 მილიონის. შეიძლება, ითქვას, მთავრობა არაკეთილსინდისიერად ვაჭრობს მოქალაქეებისთვის მათივე თანხის დაბრუნებაზე“,– ეუბნება „აქცენტს“ ალაფიშვილი.

როგორც იურისტი განმარტავს, ვინაიდან მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლისადმი ანგარიშვალდებულება, თითოეულმა მოქალაქემ სასამართლოს უნდა მიმართოს შესაბამისი სარჩელით:

„ეს ჩემთვის ინსტიტუციური მნიშვნელობის საქმეა და ველოდი, რომ მთავრობას და პარლამენტს ეყოფოდა სახელმწიფოებრივი, ინსტიტუციური მიდგომა, პასუხისმგებლობა, თავად ეღიარებინა ამ ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილების ფინანსური შედეგები და თავადვე მოეფიქრებინა მექანიზმს, დაებრუნებინა საზოგადოებისგან ანტიკონსტიტუციურად წაღებული თანხა. სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა არ აღმოაჩნდათ და მე მომიწია პრეცედენტების შექმნა. ამიტომ მივმართე სასამართლოს. ამდენად, თითოეულ პირს, კომპანიას, რომელსაც ამ წლებში მათი ნების საწინააღმდეგოდ აქვთ ჩამოჭრილი 112–ის საფასური, უნდა მიმართოს სასამართლოს და სასამართლო ალბათობის მაღალი ხარისხით (ორი ინსტანცია მოგებული მაქვს და ამგვარი პრეცედენტი უკვე შექმნილია), მთავრობას ამ ფინანსური ვალდებულების შესრულება დააკისრებს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები