Accentnews.ge
დეგნანი განმარტავს, რა საკითხებზე არ უსაუბრია ივანიშვილთან 21 მარტს გამართულ შეხვედრაზე

დეგნანი განმარტავს, რა საკითხებზე არ უსაუბრია ივანიშვილთან 21 მარტს გამართულ შეხვედრაზე

28/07/2022 06:51:03 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ადასტურებს, რომ ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ბოლოს 21 მარტს შეხვდა.

ამასთან ელჩი განმარტავს, რა საკითხებზე არ უსაუბრია ივანიშვილთან გამართულ შეხვედრაზე.

"როგორც წესი, ჩვენ პრესასთან არ ვსაუბრობთ პირად შეხვედრებზე, მაგრამ როგორც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, მას ბოლოს 21 მარტს შევხვდი, რის შემდეგაც საკმაო დრო გავიდა. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერად. მოდით ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ აღარავის დარჩეს შეკითხვები- არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ჩართვაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, ან „შანტაჟზე“ ან მოქმედებებზე, რაც უკავშირდება ბ-ნ ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებას. ამ საკითხებზე მას ან იმ კონკრეტულ ბანკებს უნდა მიმართოთ. როდესაც შეერთებული შტატები ფინანსურ სანქციებს აწესებს, ჩვენ მათ საჯაროდ ვაცხადებთ. სახაზინო დეპარტამენტის ვებ-საიტზე არის საძიებო სია, სადაც ბანკებს, მედიას და ფართო საზოგადოებას შეუძლიათ შეამოწმონ, ვინ ექვემდებარება და არ ექვემდებარება ფინანსურ სანქციებს. შვეიცარიის საბანკო ანგარიშების ნებისმიერი განხილვა, გულწრფელად, არის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი სამუშაოდან. როგორც ბ-ნმა ივანიშვილმა 27 ივლისის განცხადებაში აღნიშნა, ეს არის კერძო საქმე მასსა და ფინანსურ ინსტიტუტს შორის“, - განაცხადა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს 21 მარტს შეხვდა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით შედგა.

„რადგან საჯაროდ დაისვა შეკითხვა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩემსა და ამერიკის ელჩს შორის შეხვედრის გამართვის შესახებ საზოგადოებას მინდა, განვუმარტო, რომ ამგვარი შეხვედრა ელჩის თხოვნით 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის: ივანიშვილისა და დეგნანის შეხვედრის საკითხი "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 19 ივლისს.წამოჭრა:

"ახლა იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? ხომ არ მოსთხოვეს მას რაიმე და ხომ არ ხდება ამის კვალობაზე შანტაჟი, რადგან ეს ადამიანი გასულია, არაფერში ერევა. იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა, ამ ეტაპზე მე ამაზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს უფლება ამაზე საუბრის, თუმცა, თუ კითხვებზე პასუხი არ გაეცემა, მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსაც, რადგან კითხვები სახელმწიფოს ეხება, ვალდებულია [უპასუხოს]...".

ამ საკითხზე საუბრის დროს ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ ივანიშვილთან შეხვედრა "ძალიან დიდი ხნის წინ" ჰქონდა.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:

„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".

ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".

მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.

მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:

"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S