ედუარდ სააკაშვილი – მამაზე: "მისი ჩამოსვლით კატასტროფული მდგომარეობა მივიღეთ, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა"
28/07/2022 07:16:27 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება "ძალიან დიდი შეცდომა" იყო.
"დღეს მისგან პოლიტიკურად არც ისმის ბევრი, სიმართლე ვთქვათ, არც ბევრს წერს პოლიტიკაზე და აღარც ერევა დიდად. მაგრამ ჩამოსვლამდე იგი საუბრობდა, რომ "მე ახლა ჩამოვალ, ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ა.შ.", მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი, ჰო? ანუ, იგი ჩამოვიდა და მივიღეთ ეს კატასტროფული მდგომარეობა, რაც მივიღეთ. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რაც მე აქამდეც მითქვამს", – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
საქართველოს ექს–პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საქართველოში ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, ქვეყანაში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. იგი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე მან შიმშილობა გამოაცხადა. მდგომარეობის დამძიმების გამო შიმშილობის 50-ე დღეს, 19 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი დასთანხმდა პროტესტის შეწყვეტას, თუ სამკურნალოდ გადაიყვანდნენ გორის სამხედრო ჰოსპიტალში. სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მისი ადვოკატები და ცენტრ "ემპათიის" თანამშრომლები ამბობდნენ, რომ აუცილებელი იყო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რადგან ვერ დასრულდა რეაბილიტაციის პროცესი გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან თბილისში არსებულ სამოქალაქო კლინიკაში, "ვივამედში" მკურნალობს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნული არაერთი სხდომა გადაიდო. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები გამოსავლად მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან ერთად სასჯელის გადავადებას ასახელებენ.


