„ლელო“: "ჩვენი პარტიის წევრები საკრებულოდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს"
28/07/2022 09:37:42 პოლიტიკა
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ პარტიის წევრები ტყიბულის საკრებულოს აპარატიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ლერი და ლაშა ბოჭორიშვილები ტყიბულის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტში იყვნენ დასაქმებული.
კუპრაძის თქმით, პარტიის წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით დავა სასამართლოში გაგრძელდება და ბოჭორიშვილების უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ქუთაისის ოფისი დაიცავს:
„ოპოზიციის მხარდამჭერებზე რეგიონებში აქტიურად გრძელდება ზეწოლა. ტყიბულში ჩვენი ორი დამფუძნებელი წევრი გათავისუფლდა საკრებულოს აპარატიდან. ეს არის პროცესი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო დევნის და ძალადობის მიმართულებით. საქმე ეხება ლაშა და ლერი ბოჭორიშვილებს, რომელთა გათავისუფლება მოხდა ყალბი და ფასადური რეორგანიზაციის მოტივით. ეს იყო პოლიტიკური დევნა, რომელსაც სასამართლოში გაეცემა პასუხი“,– განაცხადა ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.


