პარლამენტსა და საკრებულოებში „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ
28/07/2022 10:30:11 პოლიტიკა
პარლამენტსა და საკრებულოებში “ქართული ოცნების” შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ.
როგორც სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ "საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და მასზე აშშ-ს ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს".
მისი თქმით, "მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა".
"სწორედ გუშინდელი წერილიდან გამომდინარე, დღევანდელი ელჩის წერილიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ამ ჩვენი ურთიერთობებისთვის, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონებში, ერთმანეთთან, გარკვეულწილად ფორმალური ხასიათი მიგვეცა და საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანი იქნება, სწორედ, რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საგარეო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი რაზეც აქამდე, ხშირად პასუხები არ იყო ხოლმე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი. ცხადია, თუკი მოხდება ომი, ცხადია ვერანაირ ევროპაზე ვერანაირ ნატოზე, ევროკავშირზე ვერ ვილაპარაკებთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება, როდის შევძლებთ აღდგენას, ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი ამოცანა და საფიქრალი და ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებს იმისთვის, რომ ეს საფრთხეები ავაცილოთ ქვეყანას",- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის: ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია არ წყდება.
მაგალითად, 20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.


