28-07-2022 19:37:18 საზოგადოება ,მულტიკულტურული საქართველო
საქართველოს ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი თომა ლიპარტიანი ამბობს, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სააგენტოში ბრალდებას უარყოფენ და მას ადანაშაულებენ არაეთიკურ მიმართვაში.
როგორც ლიპარტიანი ყვება, 27 ივლისს მის ტელეფონზე დარეკა კაცმა, რომელიც ავთანდილ კვერნაძის სახელით გაეცნო. რელიგიის სააგენტოში ავთანდილ კვერნაძეს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა უკავია. მან ანგლიკანური ეკლესიის ლიდერს უთხრა, რომ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე „გაცნობითი ხასიათის“ შეხვედრაზე იბარებდა.
ლიპარტიანი ამბობს, რომ შეხვედრაზე დასთანხმდა, თუმცა, კვერნაძეს შესთავაზა, რომ შეხვედრას მასთან ერთად ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელიც დასწრებოდა. მისი აზრით, წინა დღეს ბელგიიდან საქართველოში ჩამოსული სასულიერო პირი სააგენტოს ხელმძღვანელს უკეთ გააცნობდა ანგლიკანურ ეკლესიას. მაგრამ უარი მიიღო.
„ბატონმა ზაზამ თქვა, მღვდელი სახლში დატოვოს (როგორც ცხოველი), თვითონ მოვიდეს ოფისშიო“, - იხსენებს ლიპარტიანი.
მისი თქმით, კვერნაძე საუბარს ხშირად აწყვეტინებდა, რაზეც მიუთითა, რომ „ასეთ საქციელს უზრდელობა ჰქვია“.
„შენ ვინ გგონივარო, შენი პატარა ბიჭი კი არ ვარო. ამხელა კაცი ვარო, განათლებული. რომ მორჩა საუბარს, დაამთავრეთ-მეთქი, ვკითხე“, - იხსენებს ლიპარტიანი და დასძენს, „ესეც ვერ აიტანა და შენი დედაო. და გათიშა “.
ანგლიკანური ეკლესია საქართველოში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ეკლესიას დღემდე არ აქვს იურიდიული სტატუსი. ანგლიკანიზმი ქრისტიანობის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმდინარეობაა, თუმცა ამ ორგანიზაციას საქართველოში იუსტიციის სამინისტრომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.
ლიპარტიანი ამბობს, რომ მას სააგენტოში გაცნობის მიზნით არ „იბარებდნენ“. იგი სხვა ორ სავარაუდო მიზეზს ასახელებს: ანგლიკანურ ეკლესიას საჯაროდ აქვს გაცხადებული უარი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობაზე, რადგან მას არაკომპეტენტურ ორგანოდ მიიჩნევს. მეორე – საქართველოში პირველად, ანგლიკანურმა ეკლესიამ ორი თვის წინ ჩაატარა ერთნაირსქესიანი წყვილის საჯარო ჯვრისწერის ცერემონია.
რელიგიის სააგენტოს არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია და თავად რელიგიური უმცირესობები მიიჩნევენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მართულ, რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და მათ შიდა საქმეებში ჩარევის ინსტრუმენტად.