"ახლა კრიტიკული მომენტია, წყალგამყოფია!" – ევროპარლამენტარი საქართველოში აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე
28/07/2022 17:45:47 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩენე „ძალიან სახიფათო, შეშფოთების გამომწვევ და კრემლის ნარატივთან ახლოს მდგომს“ უწოდებს, მათ შორის, მმართველი გუნდის მინიშნებებს იმის თაობაზე, რომ დასავლეთს საქართველოს "ომში ჩართვა" სურს.
„უკრაინა და კოლექტიური დასავლეთი არიან დამნაშავეები ომში, გამოჰყავთ უკრაინა დასავლეთის გავლენის სფეროდ. ხოლო პოსტ საბჭოთა ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის გზაზე დადგებიან, ამით გამოიწვევენ პროვოცირებას [რუსეთის] – ეს საშინელი მსჯელობაა, ამის ახსნაც კი შეუძლებელია.
როდესაც უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის, თვითმყოფადობისთვის, დაეხმარნენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, სხვა ქვეყნებსაც, რათა დაირღვეს ეს დუმილი, როდესაც არავინ საუბრობდა ამ ქვეყნებისთვის შანსის მიცემაზე, ამ ვითარებაში ეს საუბრები ჩემთვის ერთ რამეს მოასწავებს: ივანიშვილი და მისი მსგავსი პირები არა მებრძოლი უკრაინის, კრემლის მხარეს – არასწორ მხარეს არიან. ახლა კრიტიკული მომენტია, წყალგამყოფია – ან უკრაინის გვერდში ხარ, ან რუსეთის. არ არსებობს ნახევარტონები, არის მხოლოდ შავი და თეთრი. ამ შემთხვევაში საქართველო კრემლის ინტერესების მატარებელი გახდება“,– განაცხადა ევროპარლამენტარმა „ტვ პირველის“ ეთერში („ტვ პირველის“ თარგმანი).
ამასთან მან ისაუბრა ევროკავშირის წევრობის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე და წუხილი გამოთქვა, რომ საქართველო ისტორიულ შანსს არ იყენებს, ამით კი კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.
მისი თქმით, საქართველოს მეგობრებს სურთ, საქართველოს ევროინტეგრაცია.
„ყველაფერი შესაძლებელია. იცით რისი გაკეთებაა საჭირო. მნიშვნელოვანია შეთანხმების მიღწევა ყველა ძალის. პოლიტიკურმა ძალებმა ძალიან კარგად უწყიან, რა არის საჭირო. ეს ძირითადად პოლიტიკური საკითხებია. ვიმედოვნებ, თქვენი პრეზიდენტი სწორად აღიქვამს ამ ისტორიულ პროცესს. ამ პროცესში მისი თაოსნობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, პრეზიდენტს აღმოაჩნდება საკმარისი სითამამე, გადაჭრას ეს საკითხი და რა თქმა უნდა, ხალხი, რაც მოხდა მოლდოვაში: მოლდოვა რამდენიმე წლის წინ იგივე მდგომარეობაში იყო – ოლიგარქებს ტყვეობაში ჰყავდათ ქვეყანა თავისი მოქალაქეებიანად, მაგრამ ხალხს ყელში ამოუვიდა და აირჩიეს ახალი ლიდერი, არაკორუმპირებული, კარგი განათლების, პროდასავლური. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მარია სანდუმ გააკეთა არის ის, რომ მან მოლდოვის იმიჯი შეცვალა და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამომრჩევლებმა შეცვალეს ქვეყნის კურსი და ამან შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომაც მიიღო ევროკავშირმა მათი განაცხადი. სამწუხაროდ, იგივე არ მოხდა საქართველოში. ყველაფერი თქვენს ხელშია. გარედან საქართველოს ვერავინ დაეხმარება, რომ ეს კრიზისი დაიძლიოს, რომელიც ქვეყნის იმიჯს აზიანებს“.
მისივე თქმით, „მმართველი პარტია დროსა და ფულს ფლანგავს არა იმაზე, როგორ შეასრულოს 12 რეკომენდაცია, არამედ უტევენ ინდივიდებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ძალიან დამახასიათებელია დღევანდელი ქართული პოლიტიკისთვის“:
„ისინი [მმართველი გუნდი] თავს ესხმიან ინდივიდებს, საერთაშორისო პოლიტიკურ ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, ოპონენტებს, ახლა კი ელჩებზე მოაწყეს თავდასხმები. ეს საშინელებაა. ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მსურს. ვისურვებდი, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ შემეტყო, თუ რა კეთდება ოპოზიციასთან, საზოგადოებასთან ერთად, როგორ აპირებენ რეკომენდაციების შესრულებას“.


