"საქართველოს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს"
29/07/2022 06:39:09 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს "ასეთ კრიტიკულ დროს, პოლიტიკოსების ნაწილი განხეთქილების და დაპირისპირების შექმნას აშშ-სა და საქართველოს შორის".
„როდესაც რევანშისტული რუსეთი თესავს ქაოსს და ნგრევას, საქართველომ და მისმა პარტნიორებმა ერთად იმაზე მეტად უნდა იმუშაონ, ვიდრე ოდესმე, რათა უზრუნველყონ მშვიდობა, უსაფრთხოება და დაუპირისპირდნენ რუსეთის აგრესიას“, - განაცხადა დეგნანმა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
ელჩის თქმით, „რთულია იმის გაგება, თუ რატომ არის ზოგიერთი პოლიტიკოსი ასე მონდომებული, დაყოს საქართველო და მისი მოკავშირეები, ასეთ დროს“.
კელი დეგანის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი:
„ჩვენ, საქართველოს წარმატების მიმართ ერთგულებას ვინარჩუნებთ და ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში დასახმარებლად, რაც არის უფრო მშვიდობიანი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში“.
როგორც დიპლომატი აღნიშნავს, „საქართველოს ბუნებრივი მოკავშირეებისგან დაშორების ნებისმიერი მცდელობა, მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს“.
კელი დეგნანი ამბობს, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო სტრატეგიულმა პარტნიორობამ დიდი სარგებელი მოუტანა ორივე ქვეყანას:
„ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა, საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას.“
„ამერიკის ხმის“ შეკითხვას, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები და როგორ არის შესაძლებელი საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს, ელჩმა უპასუხა, რომ ფოკუსი მნიშვნელოვან საკითხებზე შენარჩუნდება:
„ჩვენ ვრჩებით ფოკუსირებული იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია - საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. ყველა მხარე, რომელიც ამ მომავალში მონაწილეობს, უნდა მოვიდეს [მოლაპარაკების] მაგიდასთან კონსენსუსის მიღწევის მიზნით და საქართველოს სახელით, რათა მან დაიკავოს საკუთარი ადგილი ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპაში“.


