Accentnews.ge
რუსული პროპაგანდა უკრაინაში: დეზინფორმაციის ორი მთავარი საყრდენი გზავნილი

რუსული პროპაგანდა უკრაინაში: დეზინფორმაციის ორი მთავარი საყრდენი გზავნილი

29/07/2022 08:27:18 პოლიტიკა

„საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ უკვე მრავალი წელია, რაც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურადაა ჩართული.

"ბოლო რამდენიმე თვეა, ჩვენ გამოვცემთ ყოველკვირეულ საინფორმაციო ანგარიშს - „დეზინფორმაციის ბრიფი - პუტინის ომი უკრაინაში“. ყოველკვირეული ანგარიში გულისხმობს რამდენი ასეული წყაროს ყოველდღიური მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გზავნილების ანალიზს, რაც ძირითადად უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომს ეხება. დღეს გვსურს აღნიშნული საქმიანობის შუალედური შემაჯამებელი ანგარიში წარვუდგინოთ საზოგადოებას" - აცხადებენ ორგანიზაციაში.

"გრასის" ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ რუსული პროპაგანდა უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში დეზინფორმაციის გავრცელებისას ორ მთავარ საყრდენ გზავნილს იყენებს:

  • უკრაინაზე არაპროვოცირებული თავდასხმა გამართლებული იყო.
  • რუსეთი ომში მარტივად იმარჯვებს.

აღნიშნული ორი გზავნილი რუსული პროპაგანდის ფაქტობრივად, სხვა ყველა ძირითადი ნარატივის საფუძველს წარმოადგენს.

უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად, პრორუსული წყაროები ცდილობენ ბრალი გადაიტანონ უკრაინის მთავრობასა და არმიაზე, რომელთაც ნაციზმსა და ფაშიზმში ადანაშაულებენ და ამტკიცებენ, რომ ისინი დონბასის მშვიდობიან მოსახლეობას რვა წლის განმავლობაში უმოწყალოდ ბომბავდნენ. რუსული პროპაგანდა იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინა დონბასზე ახალი მასშტაბური თავდასხმისთვის ემზადებოდა და არ გამორიცხავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, კიევის თავდასხმა რუსეთის ტერიტორიაზეც განხორციელებულიყო. აღნიშნული პროპაგანდა არწმუნებს საზოგადოებას, რომ რუსეთი იძულებული გახდა, რომ დონბასის დასაცავად და უკრაინის ნაციზმისგან გასათავისუფლებლად „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (და არა ომი) წამოეწყო. კრემლისტური წყაროები ომის გამოწვევაში, პროვოკაციების მოწყობასა და აგრესიის წახალისებაში რუსეთის ნაცვლად პასუხისმგებლობას დასავლეთს, აშშ-სა და NATO-ს აკისრებენ.

რაც შეეხება მეორე საბაზისო გზავნილს, ამ შემთხვევაში რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, რუსეთი დაბრკოლებების გარეშე დამაჯერებლად იმარჯვებს, რადგან მისი სამხედრო ძლიერება მსოფლიოში შეუდარებელია, ხოლო უკრაინა კი უკვე დამარცხებულია და როგორც სახელმწიფო, სულ მალე აღარ იარსებებს.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ირგვლივ დეზინფორმაციის გავრცელების გარდა, საქართველოში მოქმედი პრორუსული აქტორების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში ომის გავრცელების საფრთხით საზოგადოებაში შიშის გაღვივებაა. ამ კონტექსტში, მთავარ გზავნილებს წარმოადგენს, რომ დასავლეთს/აშშ-ს/გაერთიანებულ სამეფოს/ევროკავშირს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირია გზავნილები და რიტორიკა, თითქოს ევროკავშირი საქართველოს ომში ჩართვას ითხოვს და კანდიდატის სტატუსი სწორედ ამ მოცემულობის შეუსრულებლობის გამო არ მიანიჭა. მსგავს ქვეტექსტს ატარებდა მასობრივი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, კელი დეგნანზე. იგივე ბრალდება ვრცელდება ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

პროპაგანდა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე

პრორუსული წყაროები აქტიურად მოითხოვენ საქართველომ უარი თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და „ალტერნატიულ“ საგარეო პოლიტიკის იდეებს ლობირებენ, როგორებიცაა: NATO-ში გაწევრების ნაცვლად „ნეიტრალიტეტის“ გამოცხადება; ევროპული ინტეგრაციის ნაცვლად კავკასიაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის წარმოება; უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ნაცვლად უკრაინის მთავრობის მტრად გამოცხადება; რუსეთთან დიალოგის დაწყება მოსკოვის პირობებით - ე.ი. მოლაპარაკება რუსეთის გავლენის სფეროში შესვლის პირობებზე, მათ შორის საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ლეგალიზებაზე.

დეზინფორმაცია უკრაინელ ლტოლვილებზე

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდა აქტიურად ესხმის თავს უკრაინელ ლტოლვილებსაც. დეზინფორმაციულმა წყაროებმა, ჯერ სცადეს ეჩვენებინათ, რომ უკრაინელი ლტოლვილები ევროპაში ქაოსსა და არეულობას იწვევდნენ. შემდეგ იგივე გზავნილები საქართველოს კონტექსტსაც მოარგეს და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელი ლტოლვილები საქართველოში, რეალურად, შემოგზავნილი დივერსანტები იყვნენ, რომელთაც ქვეყანაში არეულობის შექმნა, მათ შორის „ლგბტ+ პრაიდის“ ჩატარებით, რევოლუციით მთავრობის ჩამოგდება და ხელისუფლებაში ისეთი ძალების მოყვანა სურდათ, რომელიც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტს გახსნიდა.

დეზინფორმაცია ეკონომიკურ სანქციებზე

პროპაგანდისტული წყაროები მუდმივად ეხებიან ეკონომიკური სანქციების საკითხსაც. ისინი მანიპულაციურად ამტკიცებენ, რომ რუსეთი ეკონომიკური სანქციებით საერთოდ არ დაზარალებულა და წარმატებით გაართვა თავი. ხოლო, მეორე მხრივ, პროპაგანდის თანახმად, სანქციები არა რუსეთს, არამედ მხოლოდ დასავლეთს აზიანებს, თანაც იმდენად, რომ ევროკავშირი დაშლის ზღვარზეა და მალე სანქციებს მოხსნის. შესაბამისად, ისინი რუსეთზე სანქციების დაწესებას არაეფექტურად და კონტრპროდუქტიულად წარმოაჩენდნენ.

პრორუსული ჯგუფების ნაწილი მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომ რუსეთს ორმხრივი სანქციები არ უნდა დავუწესოთ, მხარს უჭერს, თუმცა ნაწილი მთავრობას აკრიტიკებს საერთაშორისო სანქციებთან მიერთების გამო (მაგალითად, VTB Bank-ის წინააღმდეგ გატარებული ზომებისთვის). მეტიც, ისეთმა პრორუსული ჯგუფებმა, როგორებიცაა „ალტ-ინფო“ / „კონსერვატიული მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარება და პარალელური იმპორტის სქემით სარგებლის მიღების იდეებიც კი გააჟღერეს.

„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური გზავნილები

ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც GRASS-მა თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილების ანალიზი გამოაქვეყნა, აღვნიშნეთ, რომ ღიად კრემლისტური ჯგუფების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის გარდა, საშიშ ტენდენციად იკვეთებოდა მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული ანტიდასავლური განცხადებები. მაშინ აღნიშნული ძირითადად ევროკავშირიდან მაკროეკონომიკური დახმარების შეჩერების კონტექსტში გაკეთდა.

დღეს კი მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი პრორუსულ წყაროებთან ერთად „ქართული ოცნება“ გახდა, რომელიც აღნიშნულ საგანგაშო რიტორიკას კრიტიკისა და/ან წარუმატებლობის გადასაფარად ფაქტობრივად უკვე ყოველდღიურად იყენებს. შედეგად, გზავნილი, რომ დასავლეთს საქართველოში ომი სურს, არა ცალკეული მცირე გავრცელებისა და გავლენის მქონე რიგითი პრორუსული წყაროების ნარატივს, არამედ სახელისუფლებო გუნდისა და მათთან დაკავშირებული მედიის, ექსპერტული წრეების ერთ-ერთ ძირითად სასაუბრო საკითხად იქცა.

აღნიშნულით, ფაქტობრივად მმართველი პარტია ლეგიტიმაციას უკეთებს ყველა იმ ქვეყნისთვის საშიშ გზავნილსა და დეზინფორმაციას, რომელსაც პრორუსული აქტორები წლებია საქართველოში ავრცელებენ. გარდა იმისა, რომ ანტიდასავლური შედეგი საქმით უკვე დადგა - საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაშინ როდესაც მას ჰქონდა მინიმუმ ზუსტად იგივე შანსი (თუ მეტი არა), რაც მოლდოვას, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მსგავსმა ანტიდასავლურმა რიტორიკამ, რომელიც ლამის მმართველი პარტიის პოლიტიკად იქცა, საზოგადოების მედეგობასა და ეროვნულ ქსოვილს შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს.

მსგავსი რიტორიკა, ბუნებრივია, ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს და პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს. ამასთან, მმართველი პარტიის მხრიდან მსგავსი გზავნილები ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს და ქვეყნის დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის - დაკარგული ნდობის აღდგენას შეიძლება წლები დასჭირდეს.

„ალტ-ინფოს“, „ტელეკომპანია ობიექტივისა“ თუ სხვა არამეინსტრიმული პლატფორმებით გავრცელებული დეზინფორმაციით გამოწვეულ პრობლემებთან ერთად, ყველაზე დიდი რესურსების, გავლენის მქონე აქტორი - „ქართული ოცნება“ ანტიდასავლური პროპაგანდის ავანგარდში მოექცა.

შეიძლება ითქვას, რომ ახალი სამწუხარო ფურცლის გადაშლა დაწყებულია, როდესაც მთავარი სტრატეგიული მოკავშირე საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ ცხადდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S