ღარიბაშვილი – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე: "ეს არის პასუხი უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან"
29/07/2022 10:47:12 პოლიტიკა
"ეს არის პასუხი იმ უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", - ასე ეხმიანება პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საინვესტიციო კლიმატის შესახებ.
"მინდა, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე აღვნიშნო, ბრალდებები, რომელიც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ, თითქოს გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებული არის, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი აი, ამ მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც მიმდინარეობდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური ინსტიტუტების ქმედებები სრულ შესაბამისობაშია რრუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან.
"საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს", – ნათქვამია ანგარიშში.


