"6 თვეში რუსეთიდან შემოსვლის მაჩვენებელი მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია"
01/08/2022 12:28:03 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თამვჯდომარე ირაკლი კობახიძე "ტყუილს" უწოდებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 10%–ს შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეები შეადგენდნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „ძალიან ბევრი რუსი შემოდის საქართველოში, საუბარია იმაზეც, რომ, შესაძლებელია, მოსახლეობის 10 პროცენტსაც შეადგენენ რუსეთის მოქალაქეები, რას ნიშნავს ეს?“, ირაკლი კობახიძემ შემდეგი განაცხადა:
„რამდენია ძალიან ბევრი, აბა, მითხარი. ახლა გაჩვენეთ, რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია. თქვეს, რომ 10% არიან რუსეთის მოქალაქეები საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ შემოსვლის მაჩვენებელი ამ 6 თვის განმავლობაში, იქ ხომ მერე გადიან და რჩები რაღაცა ამის მეათედი. შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ 6 თვის, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები და ნაშთი რომ აიღოთ შეიძლება, 1%-ც არის იყოს, თქვენ ამბობთ 10%-ს. ასე იქმნება მარტივად „ფეიკები“, ეს არის ტყუილი, რომელსაც თქვენი ტელევიზია ავრცელებს“, – განაცხადა კობახიძემ.
შსს-ს მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება და სხვა ქვეყნებთან შედარებით, აპრილიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში პირველ ადგილზე გადმოინაცვლა. მხოლოდ ივნისში რუსეთიდან საქართველოს საზღვრის კვეთის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით, 340%-ით გაიზარდა.


