თავდაცვის მინისტრი – მედვედევის განცხადებაზე: „წავიდა მედვედევი“
02/08/2022 11:17:43 პოლიტიკა
„წავიდა მედვედევი, წარსულია“, — ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გამოქვეყნდა "პოსტი", რომლის თანახმად, "1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გაჩნდა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.
ამავე "პოსტის" მიხედვით, "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფო და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის "პოსტის" „სქრინშოტი“ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, "პოსტი" წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
მოგვიანებით, "პოსტის" შესახებ კომენტარი მედვედევის წარმომადგენელმა გააკეთა. ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ "პოსტი", რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში "ВКонтакте" მედვედევის გვერდი გატეხეს.
"იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და ვინ დაწერა "პოსტი", იგი გაარკვევს, ვისაც ეს ევალება", – დასძინა მან.


