Accentnews.ge
მანჯგალაძე – მედვედევის "პოსტზე": "აუცილებელია, ხელისუფლებამ მსგავს განცხადებებს უპასუხოს"

მანჯგალაძე – მედვედევის "პოსტზე": "აუცილებელია, ხელისუფლებამ მსგავს განცხადებებს უპასუხოს"

02/08/2022 11:25:09 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ხელისუფლებამ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას უპასუხოს.

„რუსეთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მას პრეტენზია ჰქონდა, ყოფილიყო ზესახელმწიფო და აღმოჩნდა, რომ უკრაინასთან მთელ რიგ ხაზზე აქვს სერიოზული ზიანი და მარცხი. სასოწარკვეთილ მედვედევს რა დარჩენია იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი დააკომპენსიროს საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე საუბრით? მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და ვინმემ აუხსნას მათ, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას იყო ჭაობი, უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში დარბოდნენ პაპუასებივით. „ქართულმა ოცნებამ“ კეთილი ინებოს და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთოს საქართველოს სახელით, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელი ვართ. ამაზე მეტიც უნდა გავაკეთოთ - იყო ამერიკელი კონგრესმენის განცხადება, რომ საქართველოს სჭირდება თანამედროვე შეიარაღება, ზუსტი და მობილური „ჰაიმარსები“ და არამარტო „ჰაიმარსი“ უნდა იყოს საქართველოში, უნდა იყოს თანამედროვე დასავლური შეიარაღება, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის საფრთხის მოგერიება შეძლოს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გამოქვეყნდა "პოსტი", რომლის თანახმად, "1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გაჩნდა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.

ამავე "პოსტის" მიხედვით, "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფო და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის "პოსტის" „სქრინშოტი“ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, "პოსტი" წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.

მოგვიანებით, "პოსტის" შესახებ კომენტარი მედვედევის წარმომადგენელმა გააკეთა. ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ "პოსტი", რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში "ВКонтакте" მედვედევის გვერდი გატეხეს.

"იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და ვინ დაწერა "პოსტი", იგი გაარკვევს, ვისაც ეს ევალება", – დასძინა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S