არახამია – მედვედევის განცხადებაზე: "ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება"
02/08/2022 12:26:57 პოლიტიკა
უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან დავით არახამია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "ივანიშვილისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება".
"საქართველოს მცდელობა, დაუახლოვდეს აგრესორს, კიდევ უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს გამოიწვევს, მაგრამ თბილისის პრორუსულ ხელისუფლებას ეს ჯერ კიდევ არ ესმის. რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, რომელიც აგრძელებს ბიზნესის კეთებას სანქციების გვერდის ავლით და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც აგრესორთან ერთად თამაშობს, მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემდეგი საქართველო იქნება. მოსკოვში კი ამას აღარ მალავენ. ამიტომ დეოლიგარქიზაცია ქართველი ხალხის ნომერ პირველი მიზანი უნდა გახდეს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ევროპაში შესასვლელად და არა რუსი აგრესორის ხელში აღმოსაჩენად", – აცხადებს არახამია.
მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გამოქვეყნდა "პოსტი", რომლის თანახმად, "1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გაჩნდა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.
ამავე "პოსტის" მიხედვით, "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფო და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის "პოსტის" „სქრინშოტი“ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, "პოსტი" წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
მოგვიანებით, "პოსტის" შესახებ კომენტარი მედვედევის წარმომადგენელმა გააკეთა. ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ "პოსტი", რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში "ВКонтакте" მედვედევის გვერდი გატეხეს.
"იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და ვინ დაწერა "პოსტი", იგი გაარკვევს, ვისაც ეს ევალება", – დასძინა მან.


