"საწყენი ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ქმედებითა და რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს, ვიდრე ბატონი მედვედევი"
02/08/2022 13:08:35 პოლიტიკა
"მედვედევის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი ნამდვილად არ არის, საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, საკუთარი რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს, ვიდრე ბატონი მედვედევი და ბატონი პუტინი", – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
მისი თქმით, კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს.
"რუსეთი ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმებით ცდილობს, აღადგინოს საკუთარი იმპერია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს ჩვენ უკრაინაში, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე 2008 წელს საქართველოში, თუმცა მედვედევის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი ნამდვილად არ არის, საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, საკუთარი რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს, ვიდრე ბატონი მედვედევი და ბატონი პუტინი. დიახ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დღეს არ წარმოადგენს სუვერენულ ხალხს, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ კრემლის სცენარის მოთამაშეები. ბევრი მათგანი უნებლიედ, ბევრი მათგანი განზრახ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას და აქედან გამოსავალი არის ერთადერთი-ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ უნდა ჩამოიშოროს ხელისუფლება, რომელიც სუვერენული არ არის და არც დასავლური ღირებულებების",-განაცხადა მელიამ.
მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გამოქვეყნდა "პოსტი", რომლის თანახმად, "1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გაჩნდა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.
ამავე "პოსტის" მიხედვით, "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფო და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის "პოსტის" „სქრინშოტი“ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, "პოსტი" წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
მოგვიანებით, "პოსტის" შესახებ კომენტარი მედვედევის წარმომადგენელმა გააკეთა. ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ "პოსტი", რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში "ВКонтакте" მედვედევის გვერდი გატეხეს.
"იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და ვინ დაწერა "პოსტი", იგი გაარკვევს, ვისაც ეს ევალება", – დასძინა მან.


