"რაც დღევანდელ განცხადებაში წერია, პუტინს და მედვედევს სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვთ"
02/08/2022 13:14:37 პოლიტიკა
"რაც დღევანდელ განცხადებაში წერია, პუტინს და მედვედევს სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვთ", – ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადებას.
მისი თქმით, რეალურად ეს არის ის სულისკვეთება, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს.
"ჩვენ ვიცით განცხადება გაკეთდა, რომ ჰაკერებმა გაუტეხეს მედვედევს გვერდი. არ ვიცი გაუტეხეს, მთვრალმა დაწერა, თუ რაღაც სხვა და შესაძლოა, მართლაც ვინმემ გაუტეხა და დაუწერა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რაც ამ განცხადებაში კომპაქტურად და კიდევ უფრო მკვეთრად წერია, ყველაფერი ეს, პუტინს, მედვედევსა და მათ პროპაგანდას სხვადასხვა ეტაპზე ნათქვამი აქვთ. ამ განცხადებაში გინდა ყალბი იყოს და გინდა არა, შეკრულია ყველაფერი. რეალურად ეს არის ის სულისკვეთება, რითიც პუტინის რეჟიმი მოქმედებს და რის გამოც ის ჩვენი ქვეყნის, სხვა მეზობლების და თავისუფალი სამყაროს ქვეყნების თავისუფლებისთვის, სახელმწიფოების არსებობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი პროპაგანდა წლებია, სწორედ ამ ხაზს აწვება, რომ ჩვენ არ ვარსებობთ. ცოტახნის წინ თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ თქვა, რომ საბჭოთა კავშირი აღდგებაო", – განაცხადა ბოკერიამ.
მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გამოქვეყნდა "პოსტი", რომლის თანახმად, "1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გაჩნდა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.
ამავე "პოსტის" მიხედვით, "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფო და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.
მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის "პოსტის" „სქრინშოტი“ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, "პოსტი" წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.
მოგვიანებით, "პოსტის" შესახებ კომენტარი მედვედევის წარმომადგენელმა გააკეთა. ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ "პოსტი", რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში "ВКонтакте" მედვედევის გვერდი გატეხეს.
"იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და ვინ დაწერა "პოსტი", იგი გაარკვევს, ვისაც ეს ევალება", – დასძინა მან.


