"საქართველოში შემოსული რუსების მიმართ კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს"
03/08/2022 11:10:15 პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში შემოსული რუსების მიმართ აგორებული კამპანია ქსენოფობიურ განწყობებს აღვიღებს.
მისი თქმით, ბოლო წლებთან შედარებით, საქართველოში შემოსულ რუსეთის მოქალაქეთა და ვიზის გაცემის რიცხვი არ შეცვლილა.
"2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს", - აცხადებს პაპუაშვილი.
მისი თქმით, კვლევებითაც დასტურდება ქვეყანაში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან.
"ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე შემოვიდა.
ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია:
"2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა".


