პაპუაშვილი – "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაზე: "ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს"
03/08/2022 11:13:50 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ “სამწუხაროდ ესეც ნაწილია იმ კამპანიის, რომელიც ცდილობს წარმოსახოს თითქოს არის გარკვეული მიმდინარე ტრენდი, რომ საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული და დასავლეთს სცდება".
"ამ კამპანიას აწარმოებენ, თითქოს არის ანტიდასავლური ტრენდი, მერე ამის საპირისპიროდ თვითონვე აწარმოებენ კამპანიას, რომ დასავლეთი კარგია. თვითონვე ქმნიან ყალბ აღქმებს და მერე თავადვე ებრძვიან ამ ყალბ აღქმებს. აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს არის ჩვეულებრივი კამპანია, რაც არის ჰიბრიდული ომის ნაწილი და მიმართული საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების ხელისუფლების წინააღმდეგ. თითქოს ბუნდოვანებაა პოზიციებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ კამპანიის, რომლის მიზანიც ხელისუფლების შერყევაა. მთავარია ამას ხალხი ხედავს და რეაქცია ამაზე აღარაფერი აქვთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო სხვა, მათ შორის ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად.
"ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გვაქვს რუსეთთან, რაზეა საერთოდ საუბარი", - განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყანაში გარკვეული ძალები ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებენ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ:
"2020 და 2021 წლის აღება რომ ხდება ეს არარელევანტურია, იმიტომ, რომ პანდემია იყო და გასაგებია, რომ მაგ დროს სხვანაირად იყო საერთოდ გადაადგილება მსოფლიოში. რაც შეეხება რაოდენობას, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება... ეს ხომ არ არის ახალი კამპანია, მარტშიც იყო ეს კამპანია და ვნახეთ ამან სანამდე მიგვიყვანა, გადაიზარდა ქსენოფობიურ კამპანიაში, გადაიზარდა იმაში, რომ შუა ჭავჭავაძეზე საქართველოს რუს მოქალაქეს ქვა ესროლა ვიღაცამ. აი, ამ ქსენოფობიას ახალისებს ახლა ეს კამპანია. და მე მიკვირს, რომ ამაში პოლიტიკურ პარტიებთან ერთად ჩართულა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. აღვივებენ ქსენოფობიას, მეტს არაფერს".
მისი თქმით, კვლევებითაც დასტურდება ქვეყანაში ძირითადად ახალგაზრდები შემოდიან, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავალი, ძირითადად, არიან IT-ის, კულტურის, მენეჯმენტის სფეროდან.
"ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, დემოკრატია, თავისუფლება, რომელიც ამ ქვეყანაში არის", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.
შსს-ს მონაცემებით, ივნისში საქართველოში რუსეთის დაახლოებით 135 000 მოქალაქე შემოვიდა.
ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI ) რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხები შეისწავლა. კერძოდ, გაანალიზებულ იქნა 2022 წლის ივნისის ბოლოსთვის საქართველო-რუსეთს შორის არსებული ვაჭრობის, რუსეთიდან შემოსული ტურისტების, ფულადი გზავნილების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და რუსული კომპანიების საქართველოში რეგისტრაციის შესახებ არსებული მონაცემები.
TI–ს ინფორმაციით, "გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, რაც ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის თანახმად, 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.
თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2019 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მაინც 3-ჯერ ნაკლებია:
"2022 წლის იანვარ-ივნისში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 15.2% იყო, რაც 2018-2019 წლების მაჩვენებელს ჩამორჩებოდა".
როგორც TI აღნიშნავს, 2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში 6 419 რუსული კომპანია დარეგისტრირდა.


