"რუსეთთან სავიზო რეჟიმში გამოსავალს ვერ ვხედავ, პირველ რიგში ბინადრობის საკითხია მოსაგვარებელი"
04/08/2022 08:55:34 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი, როგორც წინა ხელისუფლების ბოლო პერიოდში იყო, არის ძალაუფლების შენარჩუნება. თუ ამისთვის მას დასჭირდება, რომ გაწიროს 12 პუნქტის შესრულების პროცესი, ანუ ქვეყნის ინტერესი, ის ამას გააკეთებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის გამო „ქართული ოცნება“ არის „ძალიან სახიფათო ხელისუფლებაში“. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოპოზიციის განსაკუთრებული როლია მოცემულ პირობებში სწორი ნაბიჯების გადადგმა.
„სწორედ ამიტომ არის „ქართული ოცნება“ ძალიან სახიფათო ხელისუფლებაში, მაგრამ ის არის ხელისუფლებაში და ჩვენი, ოპოზიციის ვალია, რომ ასეთ პირობებში გადავდგათ სწორი ნაბიჯები - გავთვალოთ, რას აპირებს „ქართული ოცნება“. ეს არ არის შეუძლებელი. „ქართულმა ოცნებამ“ იმდენჯერ გამოიყენა ერთი სქემა - „ხელის გაშვერის“, ოპოზიციის „გაშავების“, მიზნის არმიღწევის, რომ ეს ყველაფერი არის გათვლადი. ჩვენ, ოპოზიციური პარტიები და ლიდერები უნდა ვიყოთ უფრო ცივსისხლიანი, უნდა დავიგეგმოთ და არ ვიყოთ რეაქციის პროცესში. საზოგადოებასთან უნდა ვიყოთ პროაქტიურები - საზოგადოება ხედავს პრობლემას ორ პარალელურ პროცესში, მას ვეთანხმები და მეც ვხედავ, რომ ეს პრობლემაა. ჩვენ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად ავუხსნათ საზოგადოებას, თუ სად მივა ეს ორი პარალელური პროცესი - აუცილებლად ეს მივა საკომიტეტო მოსმენებამდე, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ ამბობს უარს მუშაობაზე, ისინიც კი, ვინც პროცესში არ ვართ. კომიტეტი ღიაა და აქ უკვე ვეღარ განსაზღვრავს „ქართული ოცნება“ 2 ექსპერტი მოვიდეს თუ 5 არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე უდიდესია მედიის როლი და ამ პროცესში ყველა აღმოვჩნდებით „ერთ ოთახში“.
სექტემბერი იქნება უფრო აქტიური თვე. ასევე უფრო გააქტიურდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების როლი. მათი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და ჩვენ უნდა გვქონდეს მკაფიო არგუმენტები, რადგან საზოგადოებასთან ერთად ჩვენი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტი არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. მათ კარგად უნდა ავუხსნათ რა პროცესში ვართ, საით მივდივარ და რატომ ვიღებთ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
გარდა ამისა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ასევე შეეხო საქართველოში უკანასკნელ თვეებში რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობის შემოსვლას. სამნიძის თქმით, მოცემულ ვითარებაში რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღება გამოსავალს არ წარმოადგენს.
„სავიზო რეჟიმში გამოსავალს ვერ ვხედავ. პირველ რიგში, ბინადრობის საკითხი არის მოსაგვარებელი. ეს საკითხი სამსჯელოა ექსპერტებთან. საზღვარს ვინც გადმოკვეთავს, ადამიანებს 1 წელი აქვთ იმის უფლება, რომ ყველანაირი საბუთის გარეშე იყვნენ. მგონია, რომ ეს ვადები არის შესაცვლელი, გადასახედი და მეტი უკეთესი სტატისტიკა არის მოსაძიებელი. ტურისტულ სეზონში ამ სტატისტიკის მოძებნა რთულია, მაგრამ ადამიანები, ვინც ტურისტულად არიან, საცხოვრებლად გადმოდიან თუ კერძო საკუთრებას შეიძენენ, ეს ყველაფერი არის უკეთესად მოსაძიებელი და ამ სტატისტიკით უნდა წარვდგეთ საზოგადოებასთან და მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ჩვენ, ოპოზიცია პარლამენტში მანდატს გამოვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია სრულად გვქონდეს და „ქართულმა ოცნებამ“ მერე უნდა იმსჯელოს. ქსენოფობია არ არის, რომ ამაზე ვსაუბრობთ. საზოგადოებას აქვს კითხვები, რომელიც ხშირად აგრესიაშიც გადადის და ამას პასუხები უნდა გაეცეს. ხელისუფლების როლი სწორედ ეს არის“, - განაცხადა სამნიძემ.
ცნობისთვის: პარტია „ლელო საქართველოსთვის“ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებისკენ მოუწოდებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა და შესაბამისი სტრუქტურები ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს ვერ აკონტროლებენ, შესაბამისად, ქვეყანა დაუცველია გამოწვევებისა თუ არსებული საფრთხეების წინაშე.


