"ოცნების" რეაქცია 48 დეპუტატის მოწოდებაზე, შეწყვიტოს მმართველმა პარტიამ აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია
04/08/2022 12:12:56 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" ეხმიანებიან საპარლამენტო უმცირესობის 48 წევრის მოწოდებას, შეწყვიტოს მმართველმა პარტიამ აშშ-ისა და ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია.
"ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხოდა "ნაციონალური მოძრაობა" იყო. მისი თქმით, მმართველი გუნდი კითხვებს სვამს და ამის "მონათვლა" თავდასხმათ არარელევანტურია.
"რეალურად საზოგადოებას ახსოვს, რომ ერთადერთი ვინც ესხმოდა თავს მაგალითად ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს იყო ნაცმოძრაობა, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები ნიკანორ მელიას, ნიკა გვარამიას შესრულებით, ეს იყო ნამდვილი თავდასხმა როდესაც პირდაპირ ლანძღავდნენ დიპლომატებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოში. ჩვენ შემთხვევაში არის მარტივი რამ, კითხვები არის დასმული გარკვეულ თემებთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი, და კითხვების დასმის მონათვლა თავდასხმად, არის აბსოლუტურად არარელევანტური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფრაქცია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ 48 დეპუტატს, რომელმაც ხელისუფლებას ანტიდასავლური კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მიაჩნია, რომ ეს ქვეყანა სახელმწიფო არ არის.
"ეს არის 48 დეპუტატის დამოკიდებულების ლუსტრაცია სახელმწიფოებრიობასთან, ანუ დღეს ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე ამ ქვეყნის 48 დეპუტატს, პარლამენტის 48 დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართული სახელმწიფო სახელმწიფო არ არის, რადგან, მათ ასევე მიაჩნიათ, რომ თურმე კითხვის დასმა და თხოვნა ამ კითხვაზე გაცემის, განსაკუთრებით მკაფიო პასუხის გაცემის, ნიშნავს თავდასხმას და ესე იგი მათ სახელმწიფოდ ეს ქვეყანა არ მიაჩნიათ, ეს არის ძალიან ცუდი. ამ ფსიქოლოგიით, არა თუ ოპოზიციაში, არამედ არსად არ უნდა იყოს ადამიანი, არ უნდა იყოს საჯარო პირი საერთოდ, რომელსაც მიაჩნია, რომ კითხვის დასმა არის თავდასხმა", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
დღეს საპარლამენტო უმცირესობის 48 წევრმა "ქართული ოცნებას" მოუწოდა, "დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია".
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.
8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.
მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩომ "მთავსრი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა:
„მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში ა.შ.შ.- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილი ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით ა.შ.შ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი".
ელჩი დეგნანი მოსამართლის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება".
20 ივლისს მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ელოდა ელჩი დეგნანისგან სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებში ჩარევაზე ბრალდების უარყოფას:
"ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე, ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ–ის ელჩმა არერთხელ გააკეთა კომენტარი ბრალდებებზე მის წინააღმდეგ კამპანია ამ დრომდე არ წყდება.


