"როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო"
04/08/2022 13:04:05 პოლიტიკა
ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ ამერიკის ელჩზე თავდასხმა მიუღებელია და ეს ძალიან ცუდ მესიჯს აგზავნის საქართველოს პარტნიორ ქვეყანაში. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, "როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო":
"ყველა ქვეყანაში, რომელიც თავისუფალია და სიტყვის თავისუფლებას პატივს სცემს, იქნება დეზინფორმაცია. ეს ამერიკაშიც გვაქვს. აქ გვყავს ხალხი, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მომხრეები არიან, დეზინფორმაცია აქაცაა. განსხვავება ისაა, რომ ხელისუფლება აქტიურად არ ავრცელებს დეზინფორმაციას. მე არ ვიცი ყველა დეტალი იმისა, რაც საქართველოში ხდება, თუმცა მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ელჩი დეგნანი დიდ საქმეს აკეთებს შეერთებული შტატების სახელით, სრული განზრახვით, დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. როდესაც მისნაირ ადამიანს დეზინფომაციით ესხმი თავს, მაშინ შესაძლოა, რომ გარკვეული ინფორმაციის გაჟონვაც ხდებოდეს სამთავრობო ძალებიდან. ეს კი ძალიან ცუდ გზავნილს უგზავნის შეერთებულ შტატებს- რომ შესაძლოა არ გინდათ ჩვენთან მეგობრობა. თუ თქვენ სამთავრობო ლიდერი ხართ, ან უბრალოდ საქართველოს მოქალაქე და გსურთ, რომ თქვენი ლამაზი ქვეყნის მომავალს შეხედოთ, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აწარმოებს, თუ ამ ქვეყნის მომავალს უყურებთ და ხედავთ რუსეთის ცივ შენობებს, რუსეთის უგულობას და ასევე ხედავთ, რომ ყველა სიცოცხლე დასავლეთში მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს უკეთესი ცხოვრება აქვთ, მე გეტყოდით, რომ ეს უკანასკნელი აირჩიოთ. როდესაც ამერიკის ელჩს არალეგიტიმური მიზეზით, ტყუილზე დამყარებული ინფორმაციის გამო თავს ესხმი, ამით არ აჩვენებ შენს ნებას, რომ დასავლეთისკენ იარო".
მის თქმით, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს.
კითხვაზე, "როგორ ფიქრობთ, ბოლოდროინდელი მოვლენები, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, იქონიებს თუ არა გავლენას საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე?", კინზინგერმა შემდეგი განაცხადა:
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ჩვენს ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება. ვფიქრობ მომავალი განისაზღვრება იმით, დღეიდან როგორ და სად წავალთ. კიდევ ერთხელ, არავინ ამბობს, რომ საქართველო კრიტიკული არ შეიძლება იყოს ამერიკის ელჩის მიმართ, თუ ეს მიზეზები ლეგიტიმურია. ჩვენ, როგორც ქვეყნებს, შეიძლება დიდი განსხვავებები გვქონდეს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. ჩვენ შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ რომელიმე ელჩს, მაგრამ მაინც მოკავშირეები ვიყოთ. მაგრამ არ შეიძლება, რომ ვიტყუებოდეთ იმაზე, რაც ხდება და ვცდილობდეთ, რომ ყალბი სურათი შევქმნათ. კიდევ ერთხელ, ამერიკა და საქართველო ყველაფერში არ ეთანხმებიან ერთმანეთს, ელჩი დეგნანი კი სუპერგმირია, რომელიც ცდილობს, რომ ძლიერი ურთიერთობები დაამყაროს [საქართველო-ამერიკას შორის]. ვიმედოვნებ, რომ ურთიერთობები არ დაზიანებულა, თუმცა ეს საბოლოოდ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია".


