კობახიძე: "რუსეთიდან შემოსული 110 ათასამდე მოქალაქე არ გასულა... უსაფრთხოების რისკები მოგონილია"
05/08/2022 07:57:10 პოლიტიკა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს არ ქმნის.
მან პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას" "ომისა და ღალატის პარტია" უწოდა და თქვა, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ "სამარცხვინო, ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას ეწევიან".
"მარტიდან 5 თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც უსაფრთხოების რისკები. რამდენიმე დღეა "ომისა და ღალატის პარტია" იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც მათ აქვთ მცდელობა საქართველოს მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსულები და ეს ქვეყნისთვის საფრთხეს შეიცავს. ამ აღქმის გამყარებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ", - თქვა კობახიძემ.
მან ჟურნალისტებს გააცნო უკრაინაში ომის დაწყებიდან 31 ივლისის ჩათვლით საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკაც და აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2019 წლის (კოვიდპანდემიამდე) მონაცემებს ჩამორჩება. კერძოდ, მისი თქმით, საზღვრის კვეთის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ (24 თებერვლის შემდეგ) საქართველოში შემოვიდა და და 31 ივლისის ჩათვლით ქვეყანაში იმყოფება რუსეთის 110 ათასზე ნაკლები მოქალაქე, რაც "საქართველოს მოსახლეობის 3%-საც არ შეადგენს". ამასთან, კობახიძის მტკიცებით, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია:
"თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი, სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს", - თქვა კობახიძემ, თუმცა მას ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ გუშინ თბილისის ცენტრში მდებარე ბარს, რომელიც უკრაინაში ომს ღიად აპროტესტებს, რუსეთის მოქალაქეები ონლაინ დაესხნენ თავს.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაზრდის მიზანია, საქართველო ომში ჩაერთოს:
"რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია. ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. რაც ემსახურება ერთადაერთ მიზანს, საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში".
იხილეთ ასევე: რა რისკებს ქმნის ათასობით რუსული პასპორტი საქართველოში


