"არც ერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი"
05/08/2022 08:55:14 პოლიტიკა
ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან, მმართველი გუნდის წევრების მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და „არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ იტყვის“.
"რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება. მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი“, - აღნიშნავს ლომჯარია.
გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში მიდის. როგორც მან აღნიშნა, მისთვის გაუგებარია ამ საკითხზე კობახიძის აღელვება რისი ნიშანია და დასძენს, რომ თავად გააკეთებს განცხადებას სამომავლო საქმიანობის შესახებ:
„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მომავალი 4 თვე ძალიან დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ, ამის შესახებ თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ამ საკითხის მიმართ მათი აღელვება და ნერვიულობა რისი ნიშანია. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობენ“.
ცნობისთვის: ირაკლი კობახიძემ ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული და რეიტინგი არ აქვს.


