"სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში"

05-08-2022 16:47:20 პოლიტიკა

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდიანარაძე აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიური კამპანია მიმდინარეობს, რომელიც ვიწრო პოლიტიკურ ინტერესსა და ომში ჩართვის სურვილს ემსახურება.

მისი თქმით, ქსენოფობიურ კამპანიაში სახალხო დამცველიც ჩაერთო.

"ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის სახალხო დამცველი ამართლებს ქსენოფობიურ კამპანიას და ამით პრაქტიკულად ერთვება მასში. სახალხო დამცველი ერთვება ქსენოფობიურ კამპანიაში. საერთოდ მოიტანა სიტყვა "სიყვარული" - სპეკულაციისთვის სჭირდებოდა. რა სიგიჟეა, საერთოდ! საუბარია იმაზე, რომ რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა შვებოდეს მისი ქვეყანა თუ ხელისუფლება, ეროვნული და ეთნიკური ნიშნით ადამიანის განსხვავება და მასზე თავდასხმა, მოწოდება ზემოდან, არის ქსენოფობია, სიბნელე და წარმოუდგენელი რამ ცივილიზებულ სამყაროში", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს არ ჰყავს სახალხო დამცველი:

"ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველი. საქართველოში, სამწუხაროდ არანაირი სახალხო დამცველი არ არის. ადამიანი, რომელიც მათ („ნაციონალური მოძრაობის“) ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, ამით აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, სიტყვებს იგონებს გასამართლებლად".

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ მოსახლეობა სიყვარულს არ გამოხატავს. მისი თქმით, თუ მმართველი პარტიის ლიდერები მოქალაქეების ამ განწყობაში ქსენოფობიის ნიშნებს ხედავენ, მიმართვის შემთხვევაში მზად არიან საკითხი შეისწავლონ და "არაპოპულარული" დასკვნაც დადონ.

"8 აგვისტო მოდის, ჩემთვის გასაკვირია, რატომ უკვირთ ამ ქვეყანაში, რომ იქ, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია და ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად ბოლო ათწლეულებში და რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს - უკრაინას, ცოტა არ იყოს მიკვირს, რატომ უკვირთ მმართველი პარტიიდან პოლიტიკოსებს, რომ შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლების და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როცა მათი ხელისუფლება დაუძახებს, იბრძოლონ. ეს ძალიან ბუნებრივია, რომ მოქალაქეებმა სიყვარული არ გამოხატონ", - თქვა სახალხო დამცველმა.

ნინო ლომჯარიას ამ კომენტარს წინ უსწრებდა მმართველი პარტიის ოფისში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი. მან თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიის გაღვივების მიზანია ქვეყანის ომში ჩარვთა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები