
პარტია „ევროპელი სოციალისტები" გმობს ჩინეთის წინააღმდეგ „ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას"
05/08/2022 14:30:42 პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ეხმაურება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსი ტაივანში ჩასვლას.
„პარტია „ევროპელი სოციალისტები“ კატეგორიულად გმობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ პოლიტიკურ პროვოკაციას.
პარტიის წევრთათვის, მიუღებელია ერთიანი ჩინეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და სეპარატისტული აქტივობების ხელშეწყობა.
მიგვაჩნია, რომ ბოლო დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიულ და კანონიერ საზღვრებში, განვითარებული მოვლენები, გახლავთ მცდელობა, რომ პროვოკაციებითა და წაქეზების პოლიტიკით, მსოფლიოში წარმოიქმნას დაძაბულობის კიდევ ერთი კერა.
ქართველი ხალხი ისტორიულად კეთილგანწყობილი იყო და მუდამ მხარს უჭერდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკას.
ცნობილია, ჩვენი ხალხის ისტორიული დამოკიდებულება ჩინელი ხალხის მიმართ, სახელმწიფოში სოციალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე, რომელიც ასე კარგად არის შერწყმული კერძო საკუთრების პრინციპებთან, რაც საბოლოო ჯამში, გახდა უმთავრესი საფუძველი იმ უდიდესი ეკონომიკური წინსვლისა, რასაც ბოლო პერიოდში, ჩინეთის სახელმწიფომ სამაგალითოდ მიაღწია", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
პარტია „ევროპელი სოციალისტები" მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორს, როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს 2 აგვისტოს ეწვია. 3 აგვისტოს, პელოსი შეხვდა პრეზიდენტ ცაი ინვენს და სიტყვით გამოვიდა პარლამენტში. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ტაივანს უწოდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი საზოგადოება და განაცხადა, რომ მხარს უჭერს ტაივანთან აშშ-ის საპარლამენტო კავშირების გაფართოებას უსაფრთხოების და ეკონომიკის საკითხების განსახილველად. პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტაივანში კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტისთვის ოფიციალური მხარდაჭერა არ გამოუცხადებია. სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, კონგრესი ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა. ტაივანში ნენსი პელოსის ჩასვლის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტის გამოსაცხადებლად დაიბარა აშშ-ის ელჩი პეკინში, ნიკოლას ბერნსი.