„ქართველები და ოსები მტრები არ არიან“: სკოლის მერხთან დაწყებული მეგობრობის ამბავი

14-11-2022 19:24:57 საზოგადოება

ქართველები და ოსები მტრები არ არიან და ამას ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობაც ადასტურებს – გვეუბნება შმაგი სამხარაძე და საკუთარ ისტორიასაც გვანდობს.

მათი მეგობრობა ტვერში, სკოლის მერხთან, მერვე კლასიდან დაიწყო. სწორედ იქ შეხვდნენ ერმანეთს ქართველი შმაგი სამხარაძე და წარმოშობით ცხინვალელი არსენ მამიტოვი. ამბობს, რომ წარმოშობა მათ ურთიერთობებში პრობლემად არასოდეს ქცეულა, თუმცა საუბრობენ მტკივნეულ თემებზეც.

„ერთხელ ავტობანზე მივდოდით და მითხრა, "აქედან ათიოდ კილომეტრშია ჩემი შვილი – ბებიას და ბაბუას სტუმრობს ცხინვალში, მაგრამ მე არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავიდე და ვნახოო. ან რუსეთში უნდა ჩავიდე, საქართველოს კანონი დავარღვიო და გადავიდე ცხინვალში, ან რუსეთში უნდა შევხვდეთ ერთმანეთსო". ფიქრობს, რომ არაა ნორმალური, როდესაც მავთულხლართებით არის გაყოფილი საზოგადოება, ხოლო ხალხი გამოყრილია საკუთარი სახლებიდან“,– გვიზიარებს არსენ მამიტოვის ხედვებს შმაგი.

იყო ომი – აგვისტოს მტკივნეული ხუთი დღე. შმაგი დაბრუნდა სამშობლოში, მეგობართან კონტაქტი არ შეუწყვეტია, თუმცა ამჯერად მათი შეკრება კიდევ ერთმა ომმა განაპირობა – 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„მითხრა, რომ ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, რუსეთში ყოფნა აუტანელი გახდა და დაინტერესდა, იყო თუ არა შესაძლებელი საქართველოში გადმოსვლა“,– იხსენებს ჩვენი თანამოსაუბრე.

თავად არსენი ამბობს, რომ ამ დრომდე საქართველოში არასდროს ყოფილა, თუმცა იცნობდა ნაცნობების პოზიტიურ შთაბეჭდილებებს, მეუღლეც სტუმრობდა წლების წინ თბილისს სამსახურეობრივი მიზნით, ამიტომ, როდესაც რუსეთიდან წასვლა გადაწყვიტა, ერთ–ერთ ვარიანტად სწორედ საქართველო განიხილა:

„24 თებერვლის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სადმე უნდა წავიდეთ. პირველი, თავს უსაფრთხოდ აღარ ვგრძნობდით: როდესაც შეუძლიათ, მხოლოდ იმიტომ დაგაპატიმრონ, რომ სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე რაღაც დაწერე; ან ცარიელი ტრანსფარანტით გახვედი ქუჩაში; ან 5 წლის წინ დაწერილი „პოსტისთვის“, როდესაც არანარი მსგავსი კანონი არ მოქმედებდა, ხვდები, რომ ამოსუნთქვის საშუალება არ გაქვს. ამასთან, მეუღლის საქმიანობა რეკლამას უკავშირდება. ძალიან ბევრმა მსხვილმა კომპანიამ დატოვა რუსეთი, გაყინეს პროექტები, შესაბამისად, სამუშაოს მხრივაც შეიქმნა პრობლემები. ამიტომ, გადავწყვიტეთ, უნდა ვცადოთ, თუ არის შესაძლებლობა, ვიდრე შემდეგ ვინანოთ, რომ ვისხედით და არაფერს ვაკეთებდითო. ამიტომ, შმაგის შევეხმიანე, რადგან ახლო ურთიერთობებს ყოველთვის ვინარჩუნებდით“.

არსენი არ მალავს, რომ საწყის ეტაპზე, საქართველოში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გამომგზავრებამდე შიშობდა, რუსული პასპორტის ფლობის ან ოსური წარმომავლობის გამო შესაძლო პრობლემების თაობაზე და ამის შესახებ მეგობარსაც ჰკითხა:

„მაგალითად მამაჩემს, საკმაოდ, ასე ვთქვათ, კონსერვატიული შეხედულება აქვს და დამარიგა, „სჯობს, არავის უთხრა, რომ ცხინვალიდან ხარ, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნასო“. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა – სჯობს ვთქვა, რომ ცხინვალიდან ვარ, ვიდრე რუსეთიდან, რადგან აქ ხალხი ადეკვატურია. მიუხედავად იმისა, როგორი პასპორტი გაქვს, ადეკვატური ადამიანი გეკითხება, შენ რა აზრის ხარ ომის თუ სხვა საკითხების შესახებ. როდესაც უფროსი ასაკის ადამიანები იგებენ, რომ წარმოშობით ცხინვალიდან ვარ, მეკითხებიან, იქ რა ხდება და ა.შ. ახალგაზრდები კი ამას ყურადღებას არ აქცევენ“.

ამბობს, რომ მამასთანაც შეძლო ფუნდამენტურ საკითხე შეთანხმება:

„საწყის ეტაპზე ვნერვიულობდი, რადგან ვიცი, რომ მას საკუთარი ხედვები აქვს კონფლიქტთან მიმართებით. ინტერვიუ უნდა მიმეცა ჟურნალისტისთვის. ვფიქრობდი, რომ შესაძლოა, გაჩენილიყო კითხვა, მათ შორის, აფხაზეთთან და ცხინვალთან დაკავშირებითაც, ამიტომ, მას ბათუმიდან ველაპარაკე, „ვუთხარი, რომ ჩემი ხედვა მაქვს, მაგრამ შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია“ და ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა იმ კუთხით, რომ ომი არასდროს არავის სჭირდებოდა და ახლაც არავის სჭირდება! რომ ხალხი მშვიდობიან გარემოში უნდა ცხოვრობდეს! რომ ურთიერთობდეს ერთმანეთთან და არანაირი დაბრკოლება, საზღვარი მშვიდად გადაკვეთო, ან წახვიდე ნათესავებთან, მეგობრებთან, არ უნდა არსებობდეს! რომ არ უნდა დაუმახინჯონ ერთმანეთს ცხოვრება! აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ომი ცუდია, მკვლელობა – საშინელება!“.

ამჟამად არსენი, რომელიც პროფესიონალი bmx-ერი (შარშან bmx შეიყვანეს ოლიმპიური ველოსპორტის სახეობაში) გახლავთ, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. მისი ამბიციაა, ხელი შეუწყოს bmx-ის განვითარებას საქართველოში. ამბობს, რომ დედაენის სკეიტპარკი ხარისხით და მოხერხებულობით საუკეთესოა, რაც კი აქამდე უნახავს და აქვს გზავნილი. სურს, შვილი მშვიდობიან, თავისუფალ გარემოში გაზარდოს და, მათ შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის კონტექსტში აქვს გზავნილი თანატოლების – ახალგაზრდებისადმი, რადგან ფიქრობს, რომ მომავალი სწორედ მათ ეკუთვნით:

„ნებისმიერი ქვეყნის წარსულში შეიძლება იპოვო კონფლიქტები, პრობლემები, მაგრამ ამ შეცდომებზე ჩვენ უნდა ვისწავლოთ და წინ ვიმოძრაოთ. ვინაიდან წლიდან წლამდე ვიზრდებით, უფრო გონიერები ვხდებით, ადამიანურ ურთიერთობებზე და საკითხების მოლაპარაკების მაგიდასთან გადაჭრის გზებზე უნდა გადავერთოთ. ეს შეიძლება, იყოს როგორც ქვეყნების დონეზე, ისე, უბრალოდ მეზობლების. ვიდრე მეზობლის მანქანას დააზიანებ, სჯობს დასხდეთ და ისაუბროთ. ყველაფერი იარაღის გამოყენების გარეშე უნდა გადაწყდეს, რადგან ადამიანი გონიერი არსებაა, მას თავი აქვს, შეუძლია ფიქრი, აზროვნება, საუბარში არგუმენტების გამოყენება და რაღაც შუალედური გადაწყვეტილების პოვნა, რომ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩეს“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები