მთიანი ყარაბაღის „ხელისუფლებამ“ კონფლიქტის გამწვავების გამო ორი რეგიონის მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა

05-08-2022 23:20:15 კავკასია

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ აგავნოსა და ბერძორის (ლაჩინი) მოსახლეობას მოუწოდა, 25 აგვისტომდე დატოვონ საცხოვრებელი სახლები.

როგორც ერთ–ერთი ადგილობრივი მარიამ ჰაკობიანი ამბობს, მთავრობა მათ სთავაზობს ბინის დასაქირავებლად 40 ათასი დრამის (დაახლოებით, $100) გამოყოფას და ცნობას 10 მილიონი დრამის (დაახლოებით,$24,5) ოდენობით საცხოვრებლის შესაძენად, საიდანაც 2-3 მილიონი ჩამოიჭრება.

"მაგრამ ჩვენ სულელები არ ვართ, გვესმის, რომ ამ 3 მილიონის ჩამოჭრის გარეშეც ვერ შევძლებთ ნორმალური საცხოვრებლის შეძენას. ხალხი ჰიპნოზირებულია, არ იციან, რა გააკეთონ", - თქვა მან.

კონფლიქტის შემდეგ ბერძორიდან წასულ მოქალაქეებს მსგავსი დოკუმენტები აქვთ მიღებული, მაგრამ როგორც ირკვევა, ვერც ერთმა ვერ მოახერხა საცხოვრებლის შეძენა, რადგან ბანკები არ იღებენ სერტიფიკატებს და მათზე დაყრდნობით საქმიანობას არ ახორციელებენ.

ბერძორელებმა მას შემდეგ, რაც მათ ქალაქიდან გასვლა სთხოვეს, გადაკეტეს გზა ლაჩინის დერეფნისკენ და მოითხოვეს, არ დაეთმოთ ბერძორი, მათთვის კი მკაფიო გარანტიები მიეცათ, – წერს სომხური გამოცემა News.am.

აგავნო და ბერძორი შესაძლოა, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი მარშრუტის მშენებლობის გამო, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს შორის, – განაცხადა მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. “ლაჩინის დერეფანი” გზაა, რომელსაც რუსი სამხედროები აკონტროლებენ. ის გადის ქალაქ ლაჩინზე, რომლის დაბრუნებაც აზერბაიჯანს სურს. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, სომხეთი ვალდებულია, ყარაბაღელ სომხებს ახალი გზით დაუკავშირდეს, რომელმაც ლაჩინზე აღარ უნდა გაიაროს. აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გზის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სომხეთისაზე - არა.

„გზის დაუსრულებლობა აძლევს აზერბაიჯანს საბაბს, ისაუბროს მშვიდობინი ხელშეკრულების დარღვევაზე და გაზარდოს წნეხი სომხეთზე“ - უთხრა BBC-ს სომეხმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ ისკანდარიანმა.

სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა, რომ გზის ალტერნატიულ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და გაზაფხულზე დასრულდება.

***

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული დავა მთიანი ყარაბაღის გამო 1980-იანი წლების ბოლოდან მიმდინარეობს.

1988-1994 წლების შეიარაღებული კონფლიქტის დროს რეგიონში 30 000 ადამიანი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღი და აზერბაიჯანის რამდენიმე მიმდებარე რეგიონი სომხეთის შეიარაღებული ძალების ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოექცა. შედეგად, ასობით ათასი ადამიანი, ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები, დევნილად იქცა.

დასრულა ომი, მაგრამ არა დაძაბულობა

მორიგი ესკალაციის შემდეგ (2020 წლის სექტემბრის ბოლოს) აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ტერიტორიები თავის კონტროლის ქვეშ დააბრუნა და აიღო უძველესი და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა (სომხურად შუშში). შუშას აღებიდან მეორე დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას რეგიონში ომის დასრულების შესახებ. რუსი სამხედროები ყარაბარში კონტაქტის ხაზზე ჩადგნენ. 44-დღიან შეტაკებებს 6400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ნოემბრის სამმხრივმა შეთანხმებამ დაასრულა ომი, მაგრამ არა დაძაბულობა. მაგალითად, 2021 წლის 12 მაისს, სომხეთმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯის სამხედრო ძალებმა რეგიონის სიღრმეში 3,5 კილომეტრით შეიწიეს. აზერბაიჯანმა უპასუხა, რომ “აძლიერებს უსაფრთხოებას საზღვართან, ამას აკეთებს მის ხელთ არსებული რუკების საფუძველზე”, ადრე კი “კუთვნილი ტერიტორიის დაკავებას” კლიმატური პირობების გამო ვერ ახერხებდა. მარტში სროლები განახლდა. იყვნენ დაღუპულებიც. მხარეებმა ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს. სამხედრო ექსპერტები მაშინ ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანმა, რომელსაც თურქეთის მხარდაჭერა აქვს “დრო იხელთა”. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ომი უკვე დაწყებული იყო, და რუსეთსაც მოუხდა ქალაქ გიუმრის სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცების ნაწილი ომში გადაეტყორცნა.

საყურადღებოა, რომ ამასწინათ ალიევმა პირველად უწოდა რუსეთს ყარაბაღის კონტექსტში მხარე და ის ხელმოწერილი დოკუმენტის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

ყარაბაღში შეიძლება ომი განახლდეს?

ვითარება გამწვავდა 3 აგვისტოსაც. ამ ფონზე მთიან ყარაბაღში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. ერევანმა და ბაქომ კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ სამმხრივი შეთანხმების დებულებების დარღვევაში. 3 აგვისტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ლაჩინის რეგიონში რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიმაღლე დაიკავა. მათი მტკიცებით, ეს პასუხი იყო “უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების ცეცხლზე”.

“ესკალაცია შეიძლება უკავშრდებოდეს ორ გარემოებას. პირველი - რუსეთი ახლა უკრაინაშია დაკავებული და ყარაბაღისთვის არ სცხელა. ამიტომ აზერბაიჯანი ცდილობს, შემოაწმოს წითელი ხაზები და გაიგოს, რამდენად შორს შეძლებს წასვლას. და მეორე - [ყარაბაღის სტატუსზე] მოლაპარაკებები მიდის და აზერბაიჯანი სხვადასხვა სახის ზეწოლას იყენებს”, - ფიქრობს სომეხი პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი.

მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ილჰარ ველიზადე კი ამბობს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება პროპორციული პასუხია სომხეთის “შეუსრულებელი დაპირებებზე”.

თუმცა ორივე ექსპერტი გამორიცხავს რომ ეს პატარა შეტაკებები კვლავ ომში გადაიზრდება, პირველ რიგში, იმის გამო, რომ რეგიონში რუსი სამშვიდოებები რჩებიან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინაიანი ამ ომპტიმიზმს არ იზიარებს. 4 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მან პირველად თქვა, რომ შესაძლოა, რუსი სამშვიდოებების ყარაბაღში ყოფნა მშვიდობისთვის საკმარისი არ იყოს:

“თუ სამმხრივ რუსულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ფორმატში მთიან ყარაბაღში მდებარე დაშორიშორების ხაზის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული, უნდა ვიფიქროთ დამატებითი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებაზე” -თქვა ფაშინიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რა საერთაშორისო მექანიზმებს გულისხმობს.

მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა და რუსეთმაც.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები