კინზინგერი მედვედევის განცხადების შესახებ:"ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ"

06-08-2022 11:50:24 პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ილაპარაკა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ტექსტზე.

„ვფიქრობ, რომ ქართველებს არ უნდა ეშინოდეთ [ასეთი განცხადებების], მაგრამ ქართველები უნდა იყვნენ მიზანმიმართულებიც. მათ უნდა გადაწყვიტონ, რომ უარი თქვან ყოფილ საბჭოთა კავშირზე, უარი თქვან რუსეთზე, უარი თქვან ასეთ განცხადებებზე, რომელიც ცდილობს რომ დეჰუმანიაზაცია მოახდინოს და ქართველებს ეროვნული იდენტობა წაართვას", - განაცხადა კინზინგერმა.

კონგრესმენის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს

„მიზეზი, რატომაც ვამბობ, რომ ახლა თქვენ არ უნდა გეშინოდეთ ზედმეტად ისაა, რომ უკრაინაში რუსეთმა აჩვენა, რომ ე.წ ქაღალდის ვეფხვია.

ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის საფრთხე არ არსებობს, საფრთხე ნამდვილადაა, მაგრამ ქართველებმა რუსეთს ძლიერი პასუხი უნდა გასცენ და თქვან: ჩვენ განსაზვრული გვაქვს, რომ საკუთარი თავის პატრონები ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს მეზობელთან, მაგრამ მოწოდებული ვართ, რომ დამოუკიდებლები და სუვერენულები ვიყოთ. როდესაც რუსები ასეთ განცხადებას აკეთებენ, ისინი ამას შიშის გამო ამბობენ", - აღნიშნა ადამ კინზინგერმა.

მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში "ВКонтакте" გამოქვეყნდა "პოსტი", რომლის თანახმად, "1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა, ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში გაჩნდა და ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.

ამავე "პოსტის" მიხედვით, "ყაზახეთი ხელოვნური სახელმწიფო და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც რუსების გენოციდია და სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

მედვედევის გვერდზე ამ შინაარსის "პოსტის" „სქრინშოტი“ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა, პრეზდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა.

მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, "პოსტი" წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ მედვედევის გვერდი გატეხეს.

მოგვიანებით, "პოსტის" შესახებ კომენტარი მედვედევის წარმომადგენელმა გააკეთა. ოლეგ ოსიპოვი ირწმუნება, რომ "პოსტი", რომელიც საქართველოსაც ეხებოდა, მედვედევს არ დაუწერია. მისი თქმით, სოციალურ ქსელში "ВКонтакте" მედვედევის გვერდი გატეხეს.

"იმას, თუ ვინ გატეხა გვერდი და ვინ დაწერა "პოსტი", იგი გაარკვევს, ვისაც ეს ევალება", – დასძინა მან.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები