რუსული კოლონიალიზმი: კრემლის მითები და რეალობა

06-08-2022 17:10:33 მითები და რეალობა

პუტინის რეჟიმი საკუთარ ტყუილებში საბოლოოდ გაიხლართა. მუდმივ მცდელობებში, თავისი დანაშაულებრივი ქმედებები გაამართლოს, პასუხისმგებლობა მსხვერპლთ და რაღა თქმა უნდა, დასავლეთს გადააკისროს, მას “პირველი ჩვენება” ავიწყდება და უკვე ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგება საკუთარ თავს.

გავიხსენოთ, როგორ შემოიჭრა 2008 წელს რუსეთი საქართველოში წლებით ადრე მომზადებული გეგმითა და ვითომდა “მძინარე ცხინვალის დაბომბვის” საბაბით, ხოლო მოგვიანებით დიმიტრი მედვედევისგან მოულოდნელი აღიარება მოვისმინეთ - “საქართველოში შეჭრის მიზეზი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების არდაშვება იყოო”. დღეს კი მსოფლიო რუსული პოლიტიკის ანალოგიურ სასწაულებს უკვე უკრაინასთან მიმართებაში ადევნებს თვალს და უნდა ითქვას, პუტინის რეჟიმის მიერ ბოლო 5,5 თვის განმავლობაში დასახელებული მიზეზების სპექტრის სიფართოვე მართლაც გასაოცარია: ჯერ იყო “დენაციფიკაცია” და “დემილიტარიზაცია”, შემდეგ – “რუსეთზე უკრაინისა და ნატო-ს თავდასხმის პრევენცია”, კიდევ მოგვიანებით – “უკრაინის ბირთვულ დერჟავად ქცევის აღკვეთა“, სულ ახლახანს კი – პუტინის აღიარებითი ჩვენება “პეტრე პირველის საქმის გაგრძელების – რუსული მიწების შეგროვებისა და იმპერიის აღდგენის” თაობაზე. ამასთან, მორიგი დანაშაულებრივი ქმედების “პეტრეს საქმით” გამართლების მცდელობისას რუსეთის ლიდერი დასავლეთს კოლონიალიზმში ამხელდა და თავად რუსეთის კოლონიალურ წარსულს კატეგორიულად უარყოფდა. ამ პროპაგანდისტულ ნარატივს ბოლო პერიოდში აქტიურად მიმართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.

"ჩვენი ქვეყანა, რომელსაც არ გაუსვრია სახელი კოლონიალიზმის სისხლიანი დანაშაულებით, ყოველთვის გულწრფელად უჭერდა მხარს აფრიკელებს მათ ბრძოლაში კოლონიალური წნეხის წინააღმდეგ", – წერდა საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ეგვიპტეს, კონგოს, უგანდისა და ეთიოპიის მედიაში გამოქვეყნებულ წერილებში ამ ქვეყნებში დაგეგმილ ვიზიტებამდე ცოტა ხნით ადრე. თუმცა მსგავსი რიტორიკა რეგულარულად ჟღერს ლავროვის გამოსვლებში – არა მარტო აფრიკასთან ბმაში. მიმდინარე წლის მაისში, მაგალითად, იგი ამტკიცებდა, რომ “დასავლეთი იპყრობდა კოლონიებს, მაშინ, როცა რუსეთის იმპერია თავისი გავლენის გაფართოებისას არ უქვემდებარებდა სხვა ხალხებს საკუთარ ესთეტიკურ თუ ზნეობრივ მოთხოვნებს, რის წყალობითაც ყველა მათგანმა შეინარჩუნა ენაც, სარწმუნოებაც და ტრადიციაც”.

თუმცა ასეა კი რეალურად? მოდით, ერთად გავერკვეთ.

სანამ ისტორიაზე გადავიდოდეთ, დავიწყოთ დღევანდელობით. ცინიზმის ნამდვილ მწვერვალად აღიქმება მოსკოვის სურვილი, ეს თემები წამოსწიოს დღეს, როცა თავად ახორციელებს მთელი მსოფლიოს თვალწინ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციას და იქიდან გააქვს ყველაფერი – დაწყებული ხელოვნების ნიმუშებით, დამთავრებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, ხორბლით, მზესუმზირითა და სხვა დანარჩენით.

მაგრამ თუ უკრაინაში მიმდინარე ომის ისტორია ჯერ არ დაწერილა, წარსულთან დაკავშირებით ისტორიკოსებს სრული კონსენსუსი აქვთ: იერთებდა რა ახალ-ახალ მიწებს, რუსეთი ფიზიკურად ანადგურებდა და რუსიფიკაციას უქვემდებარებდა მთელს ხალხებს, მათი ბუნებრივი რესურსების აქტიური თანდართული ექსპლუატაციით.

კოლონიალიზმის შესახებ ჯერ კიდევ რევოლუციამდელი სპეციალისტები საუბრობდნენ. “რუსეთის ისტორია – ეს არის ისტორია ქვეყნისა, რომელიც კოლონიზდება. კოლონიზაციის არე მასში სახელმწიფო ტერიტორიასთან ერთად ფართოვდებოდა”, - წერდა რუსული ისტორიული მეცნიერების კლასიკოსი ვასილი კლუჩევსკი. იზიარებენ მის ამ შეფასებას თანამედროვე კოლეგებიც. “მთელი მისი ისტორიის განმავლობაში რუსეთი მის ირგვლივ არსებული სივრცის კოლონიზაციას ეწეოდა,” - აღნიშნავს ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ალექსანდრე ეტკინდი და იქვე დასძენს, რომ რომანოვების დერჟავა მიმდებარე მიწებს ითვისებდა და არა მოშორებულს, როგორც, მაგალითად, ბრიტანეთი, საფრანგეთი ან პორტუგალია.

წიგნში “შიდა კოლონიზაცია: რუსეთის იმპერიული გამოცდილება” იგი ციტირებს ყაზანის უნივერსიტეტის პროფესორ აფანასი შჩაპოვს, რომელიც რუსების მიერ ციმბირის დაპყრობას იმხანად რუსული ექსპორტის საკვანძო შემადგენლის – ბეწვეულის დაპატრონების მიზანს უკავშირებდა. “ციმბირში ადგილობრივი ტომები ნადგურდებოდნენ იმ მასშტაბით, რომელიც შეუძლებელი იყო ინდოეთში; აბორიგენი მოსახლეობის დანაკარგები შეიძლება, მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის ცნობილ მოვლენებს შეედაროს”, - წერს ეტკინდი.

ისტორიკოსების მიერ მოყვანილ სხვა მაგალითებს შორისაა კავკასიის ომიც – ყველაზე ხანგრძლივი რუსულ ისტორიაში (1817 - 1864 წ.წ.), რომლის მიზანს რეგიონის დაპყრობა წარმოადგენდა. იმაზე, თუ როგორ ხდებოდა ეს, მეტყველებს, მათ შორის, გენერალ ერმოლოვის დაპირებაც, “ჩეჩნებს მათ ბნელ, ცივ ხუხულებში ამოვლუქავთო”. ერმოლოვი “მთიელების მოსათვინიერებლად” სადამსჯელო რეიდებს ატარებდა და ეს პრაქტიკა მისმა მემკვიდეებმაც განაგრძეს. შედეგად იქცა ათასობით ადამიანის ფიზიკური განადგურება ან გასახლება, რომელსაც “მუჰაჯირობის” სახელით ვიცნობთ. “ჩერქეზებს ვძულვართ. ჩვენ ისინი უზარმაზარი საძოვრებიდან განვდევნეთ; მათი აულები გაპარტახებულია, მთელი თემები განადგურდა”, - წერდა პუშკინი “მოგზაურობაში არზრუმში”. რიგი ისტორიკოსები კავკასიური ომის შედეგად მიიჩნევენ ჩერქეზების გენოციდს, რომელიც, სხვათა შორის, მსოფლიოს ქვეყნებიდან ოფიციალურად ჯერ მხოლოდ საქართველოს აქვს აღიარებული. ციმბირში, ყაზახეთსა და სხვა კოლონიზირებულ ტერიტორიებზე გასახლებული კავკასიელების ადგილებზე რუსები სახლდებოდნენ. უკვე XIX საუკუნის ბოლოს შსს-სთან შეიქმნა “გადასახლების სამმართველო”, რომელიც ამ პროცესს კურირებდა და გამოსცემდა ჟურნალს “კოლონიზაციის საკითხები”. სამთავრობო გეგმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა გადასახლება მიწის საკითხის გადასაწყვეტად გვიან იმპერიაშიც.

ისტორიკოსებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ კავკასიის მსგავსად, კოლონიალური ხასიათი ჰქონდა მმართველობას ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაშიც. რუსეთმა ყაზახური მიწების მიერთება ჯერ კიდევ იმპერიად ფორმალურ ჩამოყალიბებამდე დაიწყო, მაგრამ რეგიონის დაპყრობის პროცესი მხოლოდ 1890-იან წლებში დასრულდა. გავლენისთვის ბრიტანეთის იმპერიასთან პაექრობისას, XIX საუკუნის შუა პერიოდიდან რუსეთმა დაიპყრო მთელი დასავლეთ თურქისტანი, როგორც იმხანად რეგიონს მოიხსენიებდნენ, ავღანეთთან, ინდოეთსა და ჩინეთთან საზღვრამდე. ამ პროცესში იგი ადგილობრივ საყაენოებს იქვემდებარებდა და ხშირად აბორიგენი ხალხების ათასობით წარმომადგენელს ჟლეტდა. რეგიონის დაპყრობის ერთ-ერთ ფინალურ ეპიზოდს წარმოადგენდა გეოკ-ტეპეს ციხესიმაგრის შტურმი გენერალ სკობელევის ახალ-ტეკინის ლაშქრობისას. მაშინ, სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე ათასი თურქმენი დაიღუპა. საბჭოთა ისტორიკოსები თავის ნაშრომებში გენერლის შემდეგ სიტყვებს ციტირებდნენ: “სიმშვიდე აზიაში პირდაპირაა დამოკიდებული იქ ამოწყვეტილი ხალხის მასაზე”. “ჩვენ ამოვჟლიტეთ ორი ათასი თურქმენი გეოკ-ტეპეში – ხმლებით ვჩეხდით ყველაფერს, რაც წინ გვხვდებოდა. ცოცხლად გადარჩენილებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს გაკვეთილი”, - წერდა გენერალი. 1916 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ცენტრალურ აზიაში მეფის ხელისუფლებისა და რუსი კოლონიზატორების წინააღმდეგ მასშტაბური ჯანყი დაიწყო, რომლის საბაბად იქცა ბრძანებულება “უცხოტომელების საზურგე სამუშაოებზე რეკვიზიციის” შესახებ. ჯანყი ხისტად ჩაახშეს, რასაც ყირგიზებისა და ყაზახების ჩინეთში მასობრივი გაქცევა მოჰყვა.

“კოლონიალურ პოლიტიკად უდანაშაულო ადამიანების ორმაგი თანდართული დევნით” მოიხსნიებენ რეგიონში იმპერიის ქმედებებს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ინსტიტუტის სახელმძღვანელოში, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ “რუსულმა ხელისუფლებამ ამ ხალხებს ცივილიზაციის სიკეთეები მოუტანა”. ეს სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური იმპერიალისტური არგუმენტი: სწორედ “კულტურის განვრცობითა და ცივილიზაციის სიკეთეებთან წვდომის უზრუნვეყოფით” ამართლებდნენ თავის ქმედებებს თავის დროზე, მაგალითად, საფრანგეთი და ბრიტანეთიც.

რაც შეეხება უკრაინას, უკრაინელი მოღვაწეები ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში აცხადებდნენ, რომ მათი ქვეყანა რუსეთის კოლონიას წარმოადგენდა. პეტერბურგში მჯდომი მთავრობა არ თვლიდა უკრაინას კოლონიად, როგორადაც ღიად აღიარებდა კავკასიასა და ცენტრალურ აზიას. იმპერიული ხელისუფლება დეკლარირებდა “დიდი რუსული ერის” კონცეფციას, რომელშიც უკრაინელებსა და ბელარუსებს რთავდა და “რუსიფიკაციის” პოლიტიკას ატარებდა. ამ კონცეფციას ებრძოდა არა მარტო უკრაინული ინტელიგენცია, არამედ რიგი რუსი ლიბერალები და სოციალისტებიც, რომლებიც იმპერიულ ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდნენ. წინააღმდეგობა მხოლოდ გამძაფრდა იმპერიის რღვევასთან ერთად. შეიქმნა დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო, მაგრამ უკვე 1919 წელს კიევში ძალაუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში და კვლავ დააბრუნეს უკრაინა რუსეთის დაქვემდებარებაში. დასაწყისში საბჭოთა ხელისუფლება “კორენიზაციის” პოლიტიკას დეკლარირებდა, თითქოს ხელს უწყობდა კიდეც ეროვნული ენებისა და კულტურის განვითარებას, მაგრამ სტალინის დროს რუსიფიკაცია და იმპერიული იდეოლოგიის ელემენტები კვლავ დაბრუნდა. მთავარ ტრაგედიად კი იქცა 1932-1933 წ.წ. გოლოდომორი, რომელმაც დაახლოებით 3,9 მლნ უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა. უკრაინაში იგი ოფიციალურადაა აღიარებული გენოციდად. ასეთად თვლიდა ამ ტრაგიკულ მოვლენას ტერმინ გენოციდის ავტორი რაფაელ ლემკინიც, ეყრდნობოდა რა იმ არგუმენტს, რომ იძულებითი შიმშილის კვალდაკვალ მიზანმიმართულად ისპობოდა უკრაინული ელიტა და ეკლესიაც, დაცარიელებულ სოფლებში კი რუს გლეხებს ასახლებდნენ.

საბჭოთა უკრაინის მოსკოვთან ურთიერთობების შესწავლისას ისტორიკოსმა ივანე ლისიაკ-რუდნიცკიმ ჯერ კიდევ 1972 წელს სსრკ-ის დაშლა იწინასწარმეტყველა. იგი თვლიდა, რომ საბჭოთა კავშირი არსობრივად, კოლონიალური იმპერია იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად, ანტიკოლონიალურ იდეოლოგიას ქადაგებდა. “რეჟიმი, რომელიც ვერდაძლევად წინააღმდეგობაში მოდის პრინციპებთან, რომლიდანაც თავად გამოჰყავს საკუთარი ლეგიტიმურობა, დიდხანს ვერ იარსებებს”, - წერდა ლისიაკ-რუდნიცკი.

პროფესორი ეტკინდი კი თვლის, რომ რევანშიზმით შეპყრობილი რუსეთი დღესაც უკრაინასთან სწორედაც რომ დაუნდობელ კოლონიალურ ომს აწარმოებს: “ისინი მიწებს არა ოქროს ან ქვანახშირისთვის იპყრობენ, არამედ იმის გამო, რომ ეს მიწები ოდესღაც უკვე ჰქონდათ დაპყრობილი”.

თავის მხრივ, პოლონეთის მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი გიორგი კასიანოვი აღნიშნავს, რომ “ყველა ყოფილი კოლონიალური იმპერია დაიშალა, ექს-მეტროპოლიებმა თავისი კოლონიალური წარსული გააანალიზეს და მისთვის ბოდიში მოიხადეს, რუსეთი კი არათუ არავის უბოდიშებს, დღესაც აგრძელებს იმავე კოლონიალურ და იმპერიალისტურ პრაქტიკას”.

გაითვალისწინეთ ზემოთთქმული, სანამ პუტინის რეჟიმის წარმომადგენლების ვირტუალურ ისტორიას დაიჯერებდეთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები