Accentnews.ge
ზურაბიშვილის ფორმატები

ზურაბიშვილის ფორმატები

08/10/2019 11:41:57 თვალსაზრისი, ანალიზი

არავითარი ინციატივები, არავითარი სამშვიდობო მისია, არავითარი „ფორმულა“, – გუშინ თბილისში ჩამოსულმა გერმანიის პრეზიდენტმა, წარსულში კი საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომლის წარუმატებელი სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ სამიოდ კვირაში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში ომი დაიწყო, სცადა, მის ამჟამინდელ ვიზიტთან დაკავშირებული ეჭვებისთვის მსგავსი კატეგორიული ფორმით დაესვა წერტილი:

"[...] ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან. გვაქვს შესაძლებლობა, წავიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან, მაგრამ ამჯერად - ყოველვარი ინიციატივების თუ წინადადების გარეშე" - განაცხადა შტაინმაიერმა პრეზიდენტ სალომე ზიურაბიშვილთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე.

მიუხედავად ამისა, საქართველოში გრძელდება განხილვა დიპლომატების აქტივიზაციისა იმ მიმართულებებზე, რომელზეც სტატუს-ქვო წლობით არ შეცვლილა. რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ამასწინანდელმა შეხვედრამ, რომელიც პირველი იყო 2008 წლის ომის შემდეგ გასული 11 წლის განმავლობაში, ქართულ პოლიტიკურ ოლიმპზე ლამის აფეთქება გამოიწვია. ევროკავშირში ეს შეხვედრა პოზიტიურად შეაფასეს. ამ ფონზე ვიზიტმა შტაინმაიერისა, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე თავისი „ფორმულით“ უკრაინულ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში დიდი მღელვარება გამოიწვია, საქართველოში დიდი პოლიტიკური თამაშის დაწყების წინათგრძნობა წარმოშვა. ხოლო თუ ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ამასწინანდელ რეზონანსულ განცხადებასაც გავიხსენებთ, რომელიც ალიანსში საქართველოს მიღებას ეხებოდა იმ დათქმით, რომ კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდეს, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში გაყინული გეოპოლიტიკური პროცესების ლღობის განცდა შეიქმნა. 

ამ მიმართულებით ცეცხლზე ნავთი დაასხა შტაინმაიერთან ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულმა მორიგმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ "სხვა კონფლიქტებთან ერთად, ძველი კონფლიქტებიც არ უნდა დავივიწყოთ" და "დეესკალაციისთვის საჭიროა როგორც არსებული ფორმატების გაძლიერება, ასევე ახალი ფორმატები, სადაც სხვა კონფლიქტებიც შეიძლება, იყოს განხილული“": 


„ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება, გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალაცია, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის გაძლიერება მოლაპარაკებებისა იმ ფორმატებში, რაც არსებობს, ასევე სხვა ფორმატებშიც, სადაც სხვა კონფლიქტებიც შეიძლება, იყოს განხილული“.

საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, საქართველოს აქვს საკუთარი კონფლიქტების სხვა კონფლიქტებთან ერთად განხილვის გამოცდილება და როგორც წესი, მსგავს შემთხვევებში მიღებული გადაწყვეტილებები არაფრის მომცემია.


„კონფლიქტის მოწესრიგების საკითხი უნდა იქნას განხილული კონკრეტული კონფლიქტის პროცესში და მის ირგვლივ მოვლენათა ანალიზის საფუძველზე, რომელიც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნიკალურია. მართალია, კონფლიქტებს ბევრი აქვთ საერთო, მაგრამ როგორც წესი, ის საერთო მახასიათებლები არ განსაზღვრავს კონკრეტული კონფლიქტის გადაწყვეტის სირთულეებს. პირიქით, ზოგადი მოცემულობის გათვალისწინება შეთანხმებების ძიებისას უფრო ადვილად ხდება, ვიდრე რაიმე კონკრეტული ფაქტორის. მაგალითად, ლტოლვილთა დაბრუნების და ა.შ. კიდევ ერთი უმთავრესი საკითხი ჩვენს კონფლიქტებში არის იმ ძალის მონაწილეობა და როლი, რომელიც დღეს რეალურად განკარგავს ამ ორ კონფლიქტურ რეგიონს - ცხინვალს და აფხაზეთს. საუბარია რუსეთზე. ყველა კონფლიქტში რუსეთი ხომ არ არის ჩარეული? ეს ჩვენი სპეციფიური სატკივარია და მას თავისებურად სჭირდება მოვლა. ამდენად, მარტივი ამოსახსნელი არ გახლავთ, რას გულისხმობდა ქალბატონი პრეზიდენტი, როდესც ახსენა სხვა კონფლიქტებთან ერთად ჩვენი კონფლიქტების განხილვა. ზოგადად არსებული კონფლიქტების ზოგადი განხილვები არაერთხელ მომხდარა არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და როგორც წესი, ამ დროს გადაწყვეტილებები შეიძლება, პრინციპული ტონის, მაგრამ ზოგადი და ბევრი არაფრის მომცემია. კონფლიქტს სჭირდება კონკრეტული ჩაჯდომა; გადაწყვეტის მიზნით კონკრეტული სტრატეგიის შემუშავება, რესურსების გამოყოფა და ენერგიის მიმართვა კონკრეტული მიზეზების აღმოსაფხვრელად“,- ამბობს „აქცენტთან“ საუბრისას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.  

ამასთან, მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ მსგავსი განცხადებები „უმიზნოდ არ კეთდება“ და შესაძლოა, ბევრ რამეს უკავშირდებოდეს, მათ შორის - საერთაშორისო არენაზე ნიადაგის მოსინჯვასაც:

„ეს შეიძლება, იყოს  მესიჯი უფრო საერთაშორისო პოლიტიკური ძალებისადმი ამა თუ იმ ნაბიჯისთვის მზადყოფნის თაობაზე, ან გარკვეული შეთავაზების შემცველი. რა თქმა უნდა, მსგავსი განცხადებები, როგორც წესი, უმიზნიდ არ კეთდება და ხსენებულ ფუნქციას ატარებს ხოლმე, მაგრამ მათი რეალური არსის გაშიფრვა მხოლოდ ადრესატს შეუძლია“.

საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი, მოძრაობა "ლელოს" წევრი ელენე მელიქიშვილი პროსესს სკეპტიკურად უყურებს.


"მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ ამ ფორმატების ცვლას. გაუგებარია, რატომ არის ასეთი გასაიდუმლოებული ასეთი მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ჯერ იყო და აბაშიძე-კარასინის შეხვედრებზე რა ხდებოდა, არ ვიცოდით, ახლა ფორმატის შეცვლა უნდათ და წესიერად არ ამბობენ, რა უნდათ. არსებობს ჟენევის ფორმატი, რომელიც ეფექტურობას ვერ დაიკვეხნის. დიალოგის წარმოება აუცილებელია, პროცესში გერმანიის პრეზიდენტის ჩართვა მისასალმებელია, თუმცა ჩვენ რომ რამე გარღვევას მივაღწიოთ რუსეთთან მოლაპარაკებაში, მხოლოდ გერმანიის პრეზიდენტი ვერ დაგვეხმარება. აქ ბევრად მეტი ცვლადობა და ბევრად დიდი ძალისხმევა გვჭირდება. პირველ რიგში, მეტი გამჭვირვალობა და მეტი მოკავშირეს ჩართვაა აუცილებელი.

ზოგადად, შტაინმაიერი საკმაოდ ჩახედულია საქართველოს კონფლიქტების თემაში, ის 2008 წელს აქტიურად მონაწილეობდა ომის პრევენციაში, მაგრამ ვერ შეძლო. ამჯერად, როგორც თავად აღნიშნა, ადმინისტრაციული ხაზის დასათვალიერებლად ჩამოვიდა. თუმცა უკრაინის შემდეგ არსებობს მოსაზრებები, რომ მისი მეცადინეობით რამე ახალი გეგმა შემუშავდეს.  თუმცა ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩვენმა საზოგადოებამ, პირველ რიგში, ჩვენს მთავრობას უნდა დაუსვას შეკითხვები: რატომ გადაწყდა ფორმატის შეცვლა მაშინ, როდესაც ძალთა ბალანსი არცთუ ისე გარკვეულია? გახსოვთ ალბათ, რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა ერევანში, რომ იმ საერთაშორისო შეთანხმებას შეასრულებს, რომლის შესრულებაც მას სურს. რუსეთს რეალურად არც ერთი საერთაშორისო ვალდებულება არ აქვს შესრულებული. საიდან გვაქვს გარანტია, რომ შეცვლილ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებას კეთილსინდისიერად აწარმოებს და ვალდებულებას შეასრულებს?! ჯერ რაზეც ხელი აქვთ მოწერილი (2008 წლის შეთანხმება), ის შეასრულონ და შემდეგ ვიფიქროთ დანარჩენზე.

საერთოდ, დიპლომატიის "ოქროს წესია"  quid pro quo - ანუ რაღაცას გასცემ, რაღაცას იღებ. რუსეთი ერთადერთი საერთაშორისო სუბიექტია, რომელიც მხოლოდ მოთხოვნებს აყენებს და დათმობებზე წასვლა არ სურს. ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, როდესაც მათთან მოლაპარაკებაზე ვსაუბრობთ. თუ რუსეთი მზად არის, რამე დათმოს, რატომ არ გვეუბნებიან?", - ამბობს "აქცენტთან" საუბრისას მელიქიშვილი.

გარდა ამისა, იგი ფიქრობს, რომ არსებულ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ მსგავსი თემა გადაწყვიტოს:

„ერთ წელიწადში არჩვენებია, 2016 წელს უმრავლესობამ მხარი სხვა ადამიანს დაუჭირა და ახლა უკვე მესამე პრემიერია არჩევნების გარეშე (ვთვლი, ეს სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზია საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც). პრეზიდენტიც საკუთარ კომპეტენციებში დაბნეულია და შერჩევით ახდენს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. რეალურად, როდესაც ამომრჩეველი არის პროევროპული და დიდი მხარდაჭერაა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისა, ასე ჩუმად მოლაპარაკებების წარმოება მიუღებელია. რატომ არ აკეთებს საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვთან შეხვედრაზე ვრცელ კომენტარს? ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა იყო განხილვის თემა. რუსეთის მთავრობას უყვარს ვენის კონგრესის მაგალითად მოტანა და იმის მტკიცება, რომ უსაფრთხოების საკითხები 4-5 ლიდერმა უნდა გადაწყვიტოს. მაგრამ ჩვენ 2019-ში ვართ და 1815 წლის მერე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა".  

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S