კინზინგერი -  აგვისტოს ომზე: "მგონია, რომ 2008 წელს მსოფლიოს ეძინა"

07-08-2022 14:17:33 პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ აგვისტოს ომმა მსოფლიოს ბევრი რამ ასწავლა რუსეთთან დაკავშირებით. "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა.

"2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო... 2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს", - აცხადებს კინზინგერი "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა.

"დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში...ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს - ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში", - აღნიშნა კინზინგერმა.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები