ევროპარლამენტარები: "აგვისტოს ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში"

07-08-2022 14:29:56 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები და საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრები აგვისტოს ომის მე–14 წლისთავს ეხმიანებიან და ღანიშნავენ, რომ "ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში".

"14 წლის წინ ამ დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, განაპირობა ყირიმის ანექსია 2014 წელს და გაუმართლებელი და უსაფუძვლო ომი უკრაინაში 2022 წელს. ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობად უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციასა​ და ნებისმიერ სხვა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩიუსი, მაიკლ გალერი, მარია კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები