უკრაინის საგარეო უწყება: "უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"

07-08-2022 14:40:32 პოლიტიკა

უკრაინა აგვისტოს ომის მე–14 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„7 აგვისტოს 14 წელი გავიდა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ბოროტების დაწყებიდან. თითქმის დეკადანახევრის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს დამპყრობლურ პოლიტიკას საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპაციის ქვეშ ინარჩუნებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოს ამ ტერიტორიებზე. უკრაინა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მსოფლიო საზოგადოებისგან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე სათანადო პასუხის არმიღების შემდეგ 2014 წელს რუსეთმა განაგრძო დამპყრობლური ქმედებები უკრაინაში – განახორციელა ყირიმისა და დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ნაწილის ოკუპაცია, ხოლო 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის მკაცრი დაცვისა და იმ ქვეყნების ყოვლისმომცველი მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რომლებზეც მოსკოვი ახორციელებს აგრესიას. რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დეოკუპაცია უნდა განახორციელოს, ხოლო რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა პასუხი უმკაცრესად უნდა აგონ, – ნათქვამია უკრანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები