სენატორი ბენ კარდინი:"აშშ დგას საქართველოს და ახლა უკრაინის გვერდით"

07-08-2022 15:02:56 პოლიტიკა

სენატორი ბენ კარდინი სოციალურ ქსელში აგვისტოს ომთან დაკავშირებით წერს.

როგორც სენატორი აცხადებს, აშშ დგას საქართველოს და ახლა უკრაინის გვერდით.

„მიმდინარე კვირას რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის არაპროვოცირებული ანექსიიდან 14 წელი სრულდება, რამაც გამოიწვია ქართველების იძულებით გადაადგილება და შეიწირა ასობით ადამიანის სიცოცხლე. აშშ დგას საქართველოს და ახლა უკრაინის გვერდით“, – წერს კარდინი „ტვიტერზე“.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები