ჯოზეფ ბორელი:"ევროკავშირი გმობს რუსეთის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე"

07-08-2022 15:12:10 პოლიტიკა

ევროკავშირი გმობს რუსეთის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგ, ევროკავშირი გმობს რუსეთის უწყვეტ უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას“, – წერს ბორელი „ტვიტერზე“.

აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები