კუჭავა:"თითოეული ჩვენგანის ვალია, გონივრული ნაბიჯებით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შევცვალოთ ეს რეალობა"
07/08/2022 14:45:20 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, "ყოველ წუთს და წამს უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ოკუპაცია, სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება".
"აგვისტოს მძიმე დღეები ტკივილთან ერთად, გვახსენებს სამშობლოს თავისუფლებისთვის გმირი მებრძოლების თავგანწირვას - ქედს ვიხრი მათ წინაშე!
თითოეული ჩვენგანის ვალია, გონივრული ნაბიჯებით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შევცვალოთ ეს რეალობა, რომ ჩვენმა შვილებმა გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრონ.
#დიდებაგმირებს#რუსეთიოკუპანტია"- წერს კუჭავა.
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.


