აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას - ბლინკენი

07-08-2022 22:31:01 პოლიტიკა

ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, რადგან ისინი ცდილობენ, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი.

„14 წლის წინ ამ დღეს რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ერის, საქართველოს ტერიტორიაზე. 2008 წლიდან ჩვენ გვახსოვს რუსული ძალების მიერ დაღუპულები და დაშავებულები. ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდნენ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და ათი ათასობით იძულებით გადაადგილებული, დევნილი და გაღატაკებული იყო. მათ სიცოცხლე და საარსებო საშუალება წაართვეს. წელს რუსეთის შემდგომი არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის მიმართ სოლიდარობის საჭიროებას. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე.წ. ბორდერიზაცია და მასობრივი გადაადგილება აურაცხელ გაჭირვებასა და ნგრევას“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

მისივე თქმით, რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებზე.

„რუსეთი უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აიღო – ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუბრკოლებელი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის. მან ასევე უნდა გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ასობით ათასმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა შეძლოს უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება საკუთარ სახლებში. ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, რადგან ისინი ცდილობენ, დაიცვან თავიანთი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და იპოვონ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმი, გარდა განცხადებისა, აგვისტოს ომს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა: „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის 14 წლისთავია. კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნავს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები