ლიეტუვის პრემიერი - აგვისტოს ომზე: "დასრულდა შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა"
08/08/2022 08:42:04 პოლიტიკა
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე აგვისტოს ომის მე– 14 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
"2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. 11-დღიანი ომი დასრულდა სამშვიდობო შეთანხმებით, მაგრამ მშვიდობა არასოდეს დამდგარა, რადგან დაშოშმინება მხოლოდ აგრესორის მადას აძლიერებს. ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას, გმობს რუსეთის აგრესიას და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას",- წერს სიმონიტე სოციალურ ქსელში.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა 2 232-ს შეადგენს, მათ შორის 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ "დამოუკიდებლობა" აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.


